ახალი ამბები

4 წელიწადში სახელმწიფომ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე მინიმუმ 2 448 520 ლარი დახარჯა – IDFI

4 მაისი, 2018 • 2544
4 წელიწადში სახელმწიფომ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე მინიმუმ 2 448 520 ლარი დახარჯა – IDFI

“ინფორმაციის   თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) კვლევით, 2013 დან 2017 წლის ნოემბრამდე მონაცემებით,  ნარკოლოგიურ შემოწმებაში სახელმწიფომ დახარჯა მინიმუმ 2,448,520 ლარი, საიდანაც 1,670,940 ლარი (68%) იმ პირებზე დაიხარჯა, რომლებსაც არ აღმოაჩნდათ ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერება.

ორგანიზაციის მონაცემები „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს“ ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული მინიმალური ტარიფებითაა დათვლილი, რომლის მიხედვითაც შარდში ნარკოტიკულ ნივთიერებაზე კვლევის ღირებულება 20 ლარია, თითოეულ დამატებით ნივთიერებაზე ემატება 5 ლარი.  სტანდარტულ 5 ნივთიერებაზე შემოწმების ღირებულება კი 40 ლარია. 5 სტანდარტულ ნივთიერებაში იგულისხმება – მარიხუანა, მორფინი, ამფეტამინი, მეტადონი და ბუპრენორფინი.

“ექსპერტიზის ბიუროს ტარიფების მიხედვით, შსს-ს მიერ ჩატარებული ნარკოტიკული შემოწმების  მინიმალურმა   ღირებულებამ, ქვეყნისთვის 4 წლის მანძილზე შეადგინა მინიმუმ 2,448,520 ლარი, საიდანაც 1,670,940 ლარი იყო ისეთი პირების შემოწმების ღირებულება, რომელთაც არ აღმოაჩნდათ ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერება. რეალური ღირებულების გამოთვლით ეს დანახარჯი შესაძლოა საგრძნობლად მაღალი იყოს, რადგან სტატიაში მოცემული ციფრები მინიმალური ფასებითაა დათვლილი,” – ვკითხულობთ IDFI-ს მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, რომელსაც ორგანიზაცია ეყრდნობა, ნარკოტესტირებაზე დადებითი შედეგის შემთხვევაში კანაფი ჭარბობდა, მეორე ადგილზე კი ფსიქოტროპული ნივთიერებები იყო.

კვლევის ავტორები ასევე აცხადებენ, რომ  2014-2017 წლებში თითქმის ხუთჯერ შემცირდა ნარკოტიკულ შემოწმებაზე გადაყვანილ პირთა რაოდენობა (50,865-დან 11,653-მდე), ხოლო სამჯერ შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც დადებითი შედეგი აჩვენეს ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაზე.

“ეს ტენდენცია დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა იმის გამო, რომ სახელმწიფოს ეს პოლიტიკური ნება კანონმდებლობით არ მყარდება, ტენდენცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ უმოკლეს ვადებში საკანონმდებლო დონეზე გამოირიცხოს ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა დევნა,” – ნათქვამია IDFI-ს მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, ნარკოტიკული შემოწმებების დადებითი პასუხის წილმა მოიმატა მთლიანი შემოწმებების რაოდენობის მეოთხედიდან ნახევრამდე. ეს იმის ფონზე, როდესაც  2013-2017 წლებში ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვა ან მოხმარების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების რაოდენობა სამჯერ შემცირდა: 2013 წლის 12,274 შემთხვევიდან 2017 წლის (პირველი 10 თვე) 3,416-მდე:

“თუ დავუშვებთ იმას, რომ ყველა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს კანონით გათვალისწინებული 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, მაშინ მივიღებთ, რომ 2013-2017 წლებში ასეთი ჯარიმების ოდენობა სულ შეადგენს 17,816,000 ლარს” – ვკითხულობთ კვლევაში.

თუმცა, IDFI-ს მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მაშინ, როდესაც ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაზე ათობით ათასი ადამიანი დაჯარიმდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის 2016 წელს მხოლოდ 10, ხოლო 2017 წელს – 36 პირი იყო დაკავებული. ორგანიზაციის შეფასებით, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასა და გასაღებაზე
დაკავებულ პირებს შორის ასეთი დიდი რაოდენობრივი განსხვავება აჩენს კითხვებს ქვეყნის ნარკოპოლიტიკის პრიორიტეტებთან დაკავშირებით:

“საქართველოში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ყველაზე გავრცელებული მეთოდის – იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმება – შესახებ გაეროს მოსაზრება ასეთია: ტესტირება არ არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული, ის არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, ატარებს სოციალური კონტროლის სახეს, ზოგი ტესტი შეცდომით აჩვენებს დადებით შედეგს და არ ხდება მისი გადამოწმება, ტესტირებით ვერ ხდება
ნარკომომხმარებელთა და ნარკოდამოკიდებულთა დიფერენცირება,” – ვკითხულობთ კვლევაში.

ორგანიზაციის შეფასებით, მთლიანობაში, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ისე ქვეყნისვე გაცხადებულ სტრატეგიას. სტრატეგიაში საუბარია მიწოდებისა და მოთხოვნის შემცირებაზე, ზიანის შემცირებაზე განათლებასა და რეაბილიტაციაზე, მაშინ, როდესაც არსებული პრაქტიკა დიდ წილად მომხმარებლის დასჯაზეა ორიენტირებული.

კვლევის ფარგლებში, ორგანიზაციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა და სახელმწიფო პოლიტიკა შეისწავლა. სტატისტიკა 2013-დან 2017 წლის ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს. დოკუმენტს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი