ახალი ამბები

ჯაფარიძე 2000-ლარიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებს და პოლიციელებს უჩივლებს

4 მაისი, 2018 • 2664
ჯაფარიძე 2000-ლარიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებს და პოლიციელებს უჩივლებს

“გირჩის” ლიდერის და პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის განცხდებით, არ აპირებს 2000 ლარის გადახდას, რომელიც თბილისის საქალაქო სამართლომ გუშინ, 3 მაისს, დააკისრა. როგორც ჯაფარიძე ამბობს, საბანკო ანგარიშებს “გაასუფთავებს” და ამით სახელმწიფოს საშუალებას არ მისცემს, ჯარიმა იძულებითი წესით გადაახდევინოს. გარდა ამისა, “გირჩის” ლიდერი გეგმავს, სასამართლოში მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემისთვის პოლიციელებს პროკურატურაში უჩივლოს. ჯაფარიძემ აღნიშნულის შესახებ დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

“ეს 2000-ლარიანი ჯარიმა უსამართლოა. მე დანაშაული არ ჩამიდენია. სასამართლოში შვიდმა პოლიციელმა უბრალოდ მოიტყუა, ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული და თქვეს, თითქოს მე მათ ვაგინებდი და ფიზიკურ წინააღმდეგობას ვუწევდი. არც ერთი და არც მეორე მე არ გამიკეთებია და ამის დამადასტურებელი არაერთი ვიდეოჩანაწერი არსებობს. არ ვაპირებ 2000 ლარის გადახდას. შესაბამისად, სახელმწიფოს მოუწევს ძალით ამოიღოს ეს თანხა. ბანკში ჩემს ბანკირს უკვე ველაპარაკე და ერთადერთი პრობლემა, რომელიც შეიძლება იყოს, არის სესხი, რომელიც მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს აღებული, და ეს სესხი იჭრება ჩემი ანგარიშიდან. სავარაუდოდ, მოვახერხებ იმას, რომ ეს ჩამოჭრა ჩემი მეუღლის საბანკო ანგარიშიდან მოხდეს. მე გავასუფთავებ ყველა ჩემს საბანკო ანგარიშს და ვერც ერთ ლარს სახელმწიფო ვერ წაიღებს. ამის შემდეგ სახელმწიფოს რჩება ერთადერთი გზა, ჩემს საკუთრებაში არსებული ბინა ყიფშიძის ქუჩაზე, სადაც ჩემი მოხუცი მშობლები ცხოვრობენ. მე ვაძლევ გარანტიას სახელმწიფოს, რომ ამ ბინას ვერ გაყიდიან და ჩემს მობლებს გარეთ ვერ გამოყრიან. თანხის ამოღების სხვა გზები უბრალოდ არ არსებობს,” – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, მისი პროტესტის მიზანია იმ პოლიციური სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც ადამიანებზე ძალადობს. ჯაფარიძის თქმით, ამ სისტემის ნაწილია სასამართლოც, რადგან მოქალქის გასამტყუნებლად ორი პოლიციელის ჩვენებაც კი საკმარისია და არ აინტერესებს, პოლიციელები რამდენად სწორ ჩვენებას აძლევენ. პოლიტიკოსის განცხადებით, პოლიციურმა სისტემამ არაერთი ადამიანი შეიწირა და დამნაშავე პოლიციელებს სისტემა არ სჯის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 მაისს ზურაბ ჯაფარიძეს 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო მის თანაგუნდელებს, იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილს, 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ზურაბ ჯაფარიძეს შსს სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

“გირჩელების” დაკავებას წინ უძღოდა პოლიციელების მიერ მოქალაქის დაკავება და მისი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანის მცდელობა. ფაქტი “გირჩის” ოფისთან ახლოს მოხდა, რის შემდეგაც, პარტიის წევრებმა აღნიშნული მოქალაქის დაცვა სცადეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი