ახალი ამბები

მოსამართლემ “ქართული მარშის” წევრები წინასწარ პატიმრობაში დატოვა

4 მაისი, 2018 • 2517
მოსამართლემ “ქართული მარშის” წევრები წინასწარ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ  “ქართული მარშის” წევრები წინასწარ პატიმრობაში დატოვა. პროცესი დღეს, 4 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. ინფორმაცია ნეტგაზეთს მოძრაობის ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ დაუდასტურა.

როგორც “ქართული მარშის” პრესსამსახურმა ნეტგაზეთს განუცხადა, დაკავებული წევრების პროცესი 7 ივნისისთვის გადაიდო.

19 მარტს, ე.წ. ქართული მარშის წევრებმა რუსთავი 2-თან ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ აქცია გამართეს და მისგან ბოდიში მოითხოვეს გადაცემაში ნათქვამი მოსაზრებების გამო. აქციის დროს სცემეს ტელეარხის ჟურნალისტი დავით ერაძე და დააზიანეს ავტომობილი. მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლებრივი, ისე – ადმინისტრაციული საქმეების გამოძიება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 მარტს ექვსივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

აღნიშნულის გასაპროტესტებლად “ქარულმა მარშმა” მათი მოძრაობის დაკავებული წევრების გათავისუფლების მოთხოვნით უვადო სასიკვდილო შიმშილობა 1 მაისს დაიწყო. სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ისინი ირლანდიელი პატრიოტების ანალოგიურად იშიმშილებენ.

ბრალდების თანახმად, ირაკლი დოლენჯაშვილს, ლადო სადღობელაშვილს, ლუკა ნაცვლიშვილს, მიხეილ აამისულაშვილს, გიორგი ონიანსს და ბექა რევაზიშვილს ბრალად ედებათ ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. გიორგი ონიანს ასევე ბრალად ედება ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე, ლუკა ნაცვლიშვილსს გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი