მიხეილ სააკაშვილი: განვლილი ათი წლის თითოეული დღე ვარდების რევოლუცია იყო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც “ვარდების რევულოციის” ერთ–ერთი ავტორია, აღნიშნული მოვლენის 10 წლისთავს “ფეისბუქის” გვერდით ეხმიანება:

“გილოცავთ გიორგობას! “ვარდების რევოლუცია” 2003 წელს გიორგობას დაემთხვა. ასევე აჭარის განთავისუფლება სეპარატისტული რეჟიმისგან სწორედ გიორგობას, 6 მაისს დაემთხვა. 

“ვარდების რევოლუციამ” საფუძველი ჩაუყარა ისტორიულ მოგზაურობას დემოკრატიის, ჩვენი ხალხის კეთილდღეობის, ჩვენი ქვეყნის სრული დამოუკიდებლობისკენ, მოგზაურობას ჩვენი ბუნებრივი სახლის – ევროპის მიმართულებით. რევოლუციამ სათავე დაუდო ისტორიულად უპრეცედენტო აღმშენებლობის პერიოდს საქართველოში. 

“ვარდების რევოლუციამ” შექმნა ძლიერი და ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტები, შექმნა ის თაობა, რომელიც აღარასდროს შეეგუება ქვეყნის წარსულში დაბრუნებას. სწორედ “ვარდების რევოლუციამ” მყარად დააყენა საქართველო ევროკავშირისა და ნატოს გზაზე.

„ვარდების რევოლუცია“ არ ყოფილა მხოლოდ 2003 წლის 23 ნოემბერი, განვლილი ათი წლის თითოეული დღე, ქვეყნის აღმშენებლობისთვის მუშაობის თითოეული საათი – ვარდების რევოლუცია იყო. 

ეს წლები იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს მრავალეთნიკურმა საზოგადოებამ აღიდგინა სიამაყე თავისი ქვეყნით. “ვარდების რევოლუციის” შედეგად პირველად მრავალი საუკუნის განმვალობაში კავკასიაში შეიქმნა თავისი ეპოქისთვის წარმატებული სახელმწიფო. ჩვენ დავანგრიეთ დამპყრობლის მიერ თავზე მოხვეული მითი, რომ ქართველებს არ შეუძლიათ ნამდვილი, წარმატებული სახელმწიფოს შექმნა. ჩვენ შეგვძლებია დამოუკიდებლად წარმატების მიღწევა! „ვარდების რევოლუციამ“ შეუქცევადად შეცვალა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რამდენიმე ასეული მილიონი ადამიანით დასახლებული რეგიონის მომავალი. 


თითოეულმა ჩვენგანმა, მათ შორის იმ ადამიანებმაც ვისაც ეჭვები გაუჩნდა, რწმენა შეერყა, საკუთარ თავს უნდა დაუსვან კითხვა – არის თუ არა საქართველო ბევრად უკეთესი ქვეყანა, ვიდრე ათი წლის წინ იყო. 

ათი წლის წინ ჩვენ ერთად ვიბრძოდით იმისათვის, რომ საქართველო სახელმწიფოდ ჩამოგვეყალიბებინა და დღეს, როდესაც უკან ვიხედები, მე ამაყი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვარ იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც “ვარდების რევოლუციამ“ მსოფლიო რუკის კაშკაშა ვარსკვლავად აქცია. 

ვინც რა არ უნდა თქვას, „ვარდების რევოლუცია“ საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია, მაგრამ ეს არის ისტორია, რომელიც გრძელდება და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის!

პრეზიდენტის სასახლის ფასადზე მე თავის დროზე დავაწერინე სიტყვები – “ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“. დარწმუნებული ვარ სიბნელისა და რეგრესის ძალების ყველანაირი რევანში დროებითია, მათი ზეიმი ნაადრევია, ვინაიდან, საბოლოო ჯამში, ისტორიის სწორ მხარეს სწორედ ჩვენ ვართ. 

ბოლოს ყოველთვის სიკეთე და პროგრესი იმარჯვებს!

გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის გრძელდება! ამ ბრძოლის საბოლოო წარმატებამდე მიყვანა ჩვენი თაობის პასუხისმგებლობაა.”– ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 


დღეს მოქალაქეთა ნაწილმა “ვარდების რევოლუციის” 10 წლითავის “რიყის პარკში” კონცერტით აღნიშნა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი .