ახალი ამბებისამართალი

იურისტი: “აიისას” საქმეზე მოსამართლემ გამოხატვის თავისუფლება შეზღუდა

4 მაისი, 2018 • 3570
იურისტი: “აიისას” საქმეზე მოსამართლემ გამოხატვის თავისუფლება შეზღუდა

დღეს, 4 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების კომპანია “აიისას” 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა არასათანადო რეკლამირებისთვის. ნეტგაზეთი “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრს, გიორგი გოცირიძეს ესაუბრა, შეზღუდა თუ არა მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით გამოხატვის თავისუფლება? 

შეზღუდა თუ არა გამოხატვის თავისუფლება სასამართლომ?

ბუნებრივია, შეზღუდა. მერიის წარმომადგენელმა დასაბუთებაში განაცხადა, რომ მას პრობლემა ჰქონდა პრეზერვატივზე გამოსახულ ორ თითთან, თამარ მეფის გამოსახვაზე და ყვითელი ფერის გამოყენებაზე. ეს არის გამოხატვის შინაარსში ჩარევა, ეს არის გამოხატვის შემზღუდველი რეგულაცია.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით, დასაშვებია კომერციული გამოხატვის რეგულირება, თუმცა ეს გამოხატვა (შეზღუდვა) არ უნდა იჭრებოდეს შინაარსში, შინაარსობრივად ნეიტრალური უნდა იყოს, მათ შორის, კომერციული სიტყვის რეგულირებაც. სანქციის გამოყენება შინაარსთან – თამარ მეფის გამოსახვასთანაა დაკავშირებული. ბუნებრივია, ეს არის გამოხატვის შინაარსში ჩარევა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში განმარტებული აქვს, რომ შინაარსობრივ შეზღუდვებს ძალიან მკაცრად შეამოწმებს, ასევე რელიგიური ჯგუფის მიმართ სიძულვილის გაღვივებაზეც აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წელს ნამსჯელი (საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ეს გამოხატვა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება უკანონოდ, როდესაც ძალადობის რეალურ საფრთხეს წარმოშობს, მათ შორის, რელიგიური ჯგუფების მიმართ). ბუნებრივია, საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ეჭვქვეშ უნდა დაეყენებინა რეკლამის შესახებ კანონის კონსტიტუციურობა და მას უნდა მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომ ამ კონკრეტული არაეთიკური რეკლამის განმსაზღვრელი ნორმის კონსტიტუციურობა დადგენილიყო საკონსტიტუციო სასამართლოში.

ეს არ იყო არაეთიკური რეკლამა? რატომ წერია რეკლამის შესახებ კანონში ეს განმარტება?

რეკლამის შესახებ კანონში არის ჩანაწერი არაეთიკური რეკლამის შესახებ, რომლითაც აკრძალულია ეროვნების, რასის, პროფესიის, სოციალური კუთვნილების, ასაკის, სქესისა და რელიგიური კუთვნილების მიმართ, შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენება, რომლითაც საყოველთაოდ აღიარებული ჰუმანური და ზნეობრივი ნორმები ირღვევა.  ძალიან საშიში ნორმაა.

ის 1999 წელსაა მიღებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კანონი შეიძლება გამოყენებული იყოს გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. ეს კანონი ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. იჭრება გამოხატვის თავისუფლებაში, მაგრამ რამდენად კონსტიტუციურად ზღუდავს ეს გამოხატვის თავისუფლებას, ბუნებრივია, ეს მოსამართლემ საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით უნდა დაადგინოს, სანამ კონკრეტული პირის მიმართ სანქციას გამოიყენებს.

მოსამართლეს უნდა შეეჩერებინა საქმის განხილვა და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის უნდა მიემართა ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. სანამ საკონსტიტუციო სასამართლო არ იტყოდა, კონსტიტუციურია თუ არა ეს ნორმა.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში საუბარია, რომ რეკლამასთან დაკავშირებით შეიძლება შეზღუდვები დაწესდეს, თუმცა იქვე წერია, რომ ეს რეგულაციები შინაარსობრივად ნეიტრალური უნდა იყოს და არ უნდა იყოს შინაარსის შემზღუდველი. ამ გადაწყვეტილებით სასამართლო ნამდვილად შევიდა შინაარსში. სანქცია დაკავშირებულია გამოხატვის შინაარსთან, რაზეც გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი ამბობს, რომ არ შეიძლება უბრალოდ არეგულირო რეკლამა, მოაწესრიგო შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულაციებით, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.

კომერციული გამოხატვა ზოგადად გამოხატვის თავისუფლებისგან განსხვავდება?

სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში არის ჩამონათვალი, რა შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს შეზღუდვა. ეს არის ცილისწამება, უხამსობა, პირისპირ შეურაცხყოფა, რეკლამა, ტელეშოპინგი და სპონსორობა. ამ ნაწილში შეიძლება დაწესდეს შინაარსობრივი რეგულირება.

შეზღუდვა ნეიტრალური და არადისკრიმინაციული უნდა იყოს. შეგიძლია არეგულირო კონკრეტული გამონათქვამი შინაარსობრივად, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დისკრიმინაციული. არ უნდა აკრძალო აზრი, ეს არის დისკრიმინაციული.

საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის გადაწყვეტილება არსებობს ამ საქმეში. დავის საგანი იყო რელიგიური ჯგუფის მიმართ სიძულვილის გაღვივება. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა სტანდარტი, რომ ასეთი აზრის გამოხატვა იზღუდება მაშინ, როდესაც არსებობს ამ რელიგიური ჯგუფის მიმართ რეალური ძალადობის განხორციელების საფრთხე. ეს არის ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტი, შენ ამ დროს რეკლამის კანონით გეკრძალება რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენება და კანონი არაფერს ამბობს ძალადობის განხორციელების რეალურ საფრთხეზე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაძლოა წინააღმდეგობაში ყოფილიყო ეს კანონი.

თუკი ძალადობის საფრთხე არსებობს და საბუთდება, რომ აზრის გამოხატვას არა მარტო შეურაცხყოფა, არამედ ძალადობის საფრთხე შეიძლება მოჰყვეს კონკრეტული რელიგიური ჯგუფის მიმართ, მოსამართლეს აქვს შეზღუდვის დაწესების უფლება. არაეთიკური რეკლამის შესახებ კანონი, რომელიც გამოიყენა მოსამართლემ, ერთ-ერთ სავალდებულო ელემენტად არ ითვალისწინებს იმას, რომ რეკლამა არა მარტო არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი რომელიმე ჯგუფის მიმართ, არამედ რეკლამამ ძალადობის რეალური საფრთხე შეუქმნას რელიგიურ ჯგუფს, წინააღმდეგობაში მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან.

არაეთიკური რეკლამირებისთვის პრეზერვატივი “აიისა” 500 ლარით დააჯარიმეს

მასალების გადაბეჭდვის წესი