ახალი ამბები

სუს-მა მარტვილის მერიის 8 თანამშრომელს თაღლითობის მუხლით ბრალი წაუყენა

4 მაისი, 2018 • 2788
სუს-მა მარტვილის მერიის 8 თანამშრომელს თაღლითობის მუხლით ბრალი წაუყენა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ  სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის ბრალდებით  მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის 1 თანამშრომელი დააკავეს, 7-ს კი  ბრალი წაუყენეს.

სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულია მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი დიმა წულაია, ხოლო მარტვილის მერიასთან არსებული “მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისიის“ წევრებს სამსახურებრივი მდგოარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენაში ადანაშაულებენ.

კომისიის წევრებს შორის, რომელთაც ბრალი წარედგინათ, არიან კომისიის თავმჯდომარე გოჩა ხურცილავა, რომელიც ამავდროულად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონები მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსია; კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, როლანდ წულაია, რომელიც ამასთანავე მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურს ხელმძღვანელობდა; ბრალი წაუყენეს ამავე კომისიის წევრ ვაჟა გეგიასაც, რომელიც მარტვილის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოოფილების უფროსია.

ამასთანავე, ბრალი წაუყენეს ააიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის სპეციალისტს, ჯონი ჯ-ს; საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ყოფილი მდივანს ამბროსი ჭ-ს; კომისიის წევრს, ამასთანავე, სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის სპეციალისტს ვლადიმერ წ-ს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ვერსიით,  დიმა წულაიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისიის“ წევრებს გაანდო თავისი დანაშაულებრივი განზრახვა და სთხოვა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დახმარებოდნენ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებაში, რაზეც კომისიის წევრებისაგან თანხმობა მიიღო.

“დიმა წულაიამ კომისიის წევრების დახმარებით და კომისიის მიერ 2017 წლის 11 აპრილს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 1044.4 კვ.მ მიწის ფართობს, რითაც სახელმწიფოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი 7830 ლარის ოდენობით.

გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო” – ვკითხულობთ სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი