არაეთიკური რეკლამირებისთვის პრეზერვატივი “აიისა” 500 ლარით დააჯარიმეს

დღეს, 4 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების ქართულ კომპანია “აიისას” საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. “აიისა” სამართალდამრღვევად ცნეს და 500 ლარის გადახდა დააკისრეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის გამოსახვა არაეთიკური რეკლამაა.

“აიისას” ინტერესებს სასამართლოში “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” წარმომადგენელი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე იცავს. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში გამოხატვის თავისუფლების ცენზურის კუთხით საშიშ პრეცენდენტს ქმნის და ისინი ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ ზემდგომ ინსტანციაში.

საქმე ეხება ქვემოთ მოცემულ შეფუთვას, რომელიც თბილისის მერიის აზრით არღვევს რეკლამის კანონს.


თბილისის მერიამ პრეზერვატივების ქართული კომპანიის”აიისა” დამფუძნებელ ინდმეწარმეს არასათანადო რეკლამირების ბრალდებით სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და განსახილველად საქალაქო სასამართლოს მიმართა.

მერიის ზედამხედველობის სამსახურმა რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევის თაობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159–ე მუხლის დარღვევისთვის შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.

მერიის ზედამხედველობის სამსახურმა “ნეტგაზეთს” განუმარტა, რომ “აიისასთვის’ ჯარიმის ოქმის გამოწერისას რეკლამის შესახებ კანონის მე–3 მუხლის მე–2 და მე–5 პუნქტების მიხედვით იხელმძღვანელა:

მუხლი 3:

2. არასათანადო რეკლამა – არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

5. არაეთიკური რეკლამა – რეკლამა, რომელიც ფიზიკურ პირთა ეროვნების,რასის, პროფესიის, სოციალური საკუთრების, ასაკის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ხელოვნების ობიექტებს, ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს, ბღალავს სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა, გერბი, ჰიმნი) საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას, რელიგიურ სიმბოლოებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, მათ საქმიანობას, პროფესიას ან საქონელს.

მერიას რეაგირებისთვის “ქართული იდეის” წევრებმა მიმართეს. მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი აღაშფოთა პრეზერვატივზე თამარ მეფის გამოსახვამ, ხოლო მის გვერდით არის წარწერა ‘სამეფო კარი თამარში”.

“განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის, რომ პრეზერვატივზე გამოსახულია ადამიანის ხელი, რომლის სამი თითი (ნეკა, ცერა, არათითი) მოხრილია, ხოლო ორი (საჩვენებელი და შუათითი) გასწორებულია. ორ გასწორებულ თითზე ჩამოცმულია პრეზერვატივი. პრეზერვატივზე გამოსახული ხელის ფორმით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები მღვდელმოქმედებისას გამოსახავენ ჯვარს და ასევე ამ ფორმით ლოცავენ მრევლს”, – წერია მათ განცხადებაში, რომლითაც მერიას მიმართეს.

როგორც “ქართული იდეის” ხელმძღვანელმა ლევან ჩაჩუამ “ნეტგაზეთს” უთხრა, მსგავსი შინაარსის სტიკერები თბილისის სხვადასხვა ბარშია დარიგებული.

ბრალდებას არ ეთანხმება “აიისას” დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე. იგი აბსურდულს უწოდებს “ქართული იდეის” მოთხოვნას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


თაზო კუპრეიშვილი; ელენე ხაჭაპურიძე