საოკუპაციო ზოლთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ზოლთან,  ცხინვალის მახლობლად, საქართველოს ერთი მოქალაქე ე.წ. საზღვარის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუდასტურა.

უწყების ინფორმაციით, უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. თუმცა სხვა დეტალებს, მათ შორის იმას, თუ როდის მოხდა აღნიშნული პირის დაკავება, ისინი არ ასაჯაროებენ. ინფორმაცია დაკავების შესახებ 3 მაისს გავრცელდა.

როგორც  სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში განმარტავს, დაკავებული 22 წლის ახალგაზრდაა.

“ეს ადამიანი , რომელიც გახლავთ დევნილი ცხინვალის რეგიონიდან, თბილისში მცხოვრები 22 წლის პირი, არის უკანონოდ დაკავებული. ამის თაობაზე უკვე გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ჩართულია ჩვენი შესაბამისი სტრუქტურები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, იმისთვის, რომ მოხდეს დაუყოვნებლივ გათავისუფლება,”- განმარტავს ციხელაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან