ახალი ამბები

ზაზა შათირიშვილმა “pos tv”-ში წილი 40 ლარად გაყიდა

3 მაისი, 2018 • 4531
ზაზა შათირიშვილმა “pos tv”-ში წილი 40 ლარად გაყიდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ზაზა შათირიშვილმა “პოს ტვ”-ში კუთვნილი წილი, 16% გაყიდა.

“პოს ტვ”, რომელიც თავიდან ინტერნეტით მაუწყებლობდა, 2 მაისიდან თავის გადაცემებს ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში უშვებს, კანონის მიხედვით კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრს არ აქვს უფლება ჰქონდეს იმ კომპანიის წილი, რომელიც ტელე-რადიო პროდუქტს სხვა მაუწყებლის ბადეში უშვებს.

დოკუმენტების მიხედვით, შათირიშვილმა კუთვნილი 16%-დან 8% ანა შენგელიას, ხოლო 8 % ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს მიჰყიდა. თითო 8% ზაზა შათირიშვილმა 20-20 ლარად გაყიდა და ამით შპს “პოს ტვ”-ის პარტნიორობა დატოვა.

“პოს ტვ”-ის წილი ზაზა შათირიშვილმა 3 აპრილს გაყიდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად კი 23 მარტს აირჩიეს. როგორც ნეტგაზეთს საიას იურისტმა, მარიამ გოგოსაშვილმა განუმარტა, საქართველოს “მაუწყებლობის შესახებ კანონის” მიხედვით, საზმაუს საბჭოს მეურვეს მეწილეობასთან დაკავშირებით მართლაც აქვს რიგი შეზღუდვები.

“მეურვეს არ შეუძლია ფლობდეს აქციებს და ჰქონდეს წილი სხვა მაუწყებელში, ან იმ საწარმოში, რომელიც ახორციელებს ტელე-რადიოპროდუქციის წარმოებას ანდა მიწოდებას. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ იმ დროს, როდესაც ზაზა შათირიშვილი წილს ფლობდა, “პოს ტვ” დაამზადებდა ისეთ ნაწარმს და კონტენტს, რომელიც შემდგომში გავრცელდებოდა რომელიმე მაუწყებლის ეთერში. ეს, რა თქმა უნდა, ინტერესთა კონფლიქტი იქნებოდა,”- განმარტავს მარიამ გოგოსაშვილი.

მისივე თქმით, კანონის მიხედვით ინტერესთა კონფლიქტად ვერ ჩაითვლებოდა ის შემთხვევები, როდესაც რაიმე ვიდეომასალა რომელიმე სოციალურ ქსელში, მაგალითად, ფეისბუკზე გავრცელდებოდა.

შათირიშვილი კენჭისყრაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იყო წარდგენილი. 103 მომხრე, 8 წინააღმდეგი – ზაზა შათირიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად პარლამენტმა 23 მარტს აირჩია.

რაც შეეხება “პოს ტვ”ი-ს ამჟამინდელ მეწილეებს, კომპანიის წილები შემდეგ პირებზე ნაწილდება :
ნუგზარ რუხაძე, აშშ -16%, ზვიად ბლიაძე- 16% ,შალვა რამიშვილი- 16% ; შპს სვოტ პროდაქშენი- 20%, ლაშა ნაცვლიშვილი -16%, ანა შენგელია- 8% , ვახტანგ კომახიძე- 8%.

მასალების გადაბეჭდვის წესი