ახალი ამბები

ტერორიზმში ბრალდებული ბორჩაშვილი და სხვები უზენაესმა პატიმრობაში დატოვა

3 მაისი, 2018 • 2506
ტერორიზმში ბრალდებული ბორჩაშვილი და სხვები უზენაესმა პატიმრობაში დატოვა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტერორიზმში ბრალდებულ აიუფ ბორჩაშვილის, გიორგი ხუტუნიშვილისა და დავით ფირისებიას საჩივარი, რომლითაც ისინი უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვდნენ, განსახილველად არ მიიღო.

უზენაესმა სასამართლო უცვლელად დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, აიუფ ბორჩაშვილს 14 წლით, გიორგი ხუტუნიშვილს 11 წლით, ხოლო დავით ფირისებიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.  მეოთხე მსჯავრდებულს გიორგი კუპრავას, რადგან მან აღიარა ბრალი, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად 6 წელი განესაზღვრა, საიდანაც 1 წელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.

პროკურორი საკასაციო სარჩელში მოითხოვდა, რომ ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისათვის გიორგი ხუტუნიშვილი და დავით ფირისებიაც ეცნოთ დამნაშავედ. პროკურორის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ხუტუნიშვილმა და დავით ფირისებიამ ვერ შეძლეს „ისლამური სახელმწიფოს“ სასარგებლოდ გარკვეული მოქმედებების შესრულება, საქართველოში განხორციელებული ქმედებები უნდა შეფასებულიყო ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებად, რადგან მათ გააცნეს გიორგი კუპრავა აიუფ ბორჩაშვილს.

მსჯავრდებულების: ბორჩაშვილის, ხუტუნიშვილისა და კუპრავას ადვოკატები მოითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ სასამართლო სხდომაზე ნაჩვენებ ვიდეომტკიცებულებებს კავშირი არ ჰქონდა ამ საქმესთან და ერთ-ერთი მოწმე, გ. ბ. დაინტერესებული მოწმეა, რომელმაც სასამართლოს მისცა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები.

აიუფ ბორჩაშვილი ბრალს არ აღიარებს და უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვდა. მან სარჩელში მიუთითა, რომ ჰყავს ავადმყოფი დედა, ცოლი და 9 შვილი. ამ გარემოებათა გათვალისწინებით ალტერნატივის სახით სასჯელის შემცირებას ითხოვდა.

უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო დასაბუთებული, მოწმის ჩვენება იყო თანმიმდევრული და მტკიცებულებებთან შესაბამისი. სასამართლო პროცესზე ნაჩვენები ვიდეომასალები ამ საქმესთან კავშირში იმყოფებოდა.

აიუფ ბორჩაშვილი (36), გიორგი კუპრავა (22), გიორგი ხუტუნიშვილი (19), დავით ფირისებია (24)  2015 წლის ივნისში დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327 პრიმა და 328-ე მუხლებით დაიწყო.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აიუფ ბორჩაშვილი ისლამური სახელმწიფოს წევრი იყო და ცდილობდა სხვების გადაბირებას. 2015 წლის 2 აპრილს აიუფ ბორჩაშვილმა  მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი გადაიბირა და ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობისთვის სირიაში გაამგზავრა.

მასალებში ვკითხულობთ, რომ აიუფ ბორჩაშვილმა გიორგი კუპრავა, გიორგი ხუტუნიშვილი და დავით ფირისებია გადაიბირა და სირიაში მათ გამგზავრებას ხელს უწყობდა. ფირისებია და ხუტუნიშვილი სირიაში მიემგზავრებოდნენ, ისინი თბილისის აეროპორტში დააკავეს, გიორგი კუპრავა კი საკუთარ სახლში აიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი