“ქართული მარშის” ცნობით, მოშიმშილეები თავს შეუძლოდ გრძნობენ

“ქართული მარშის” ინფორმაციით, სასიკვდილო შიმშილობის მე-3 დღეს მოშიმშილეები თავს შეუძლოდ გრძნობენ და პროფილაქტიკისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ე.წ. ქართული მარში ასევე წერს, რომ ერთ-ერთი მოშიმშილე დღეს ჩაფიძის კლინიკაში კრიზულ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

როგორც მოძრაობის პრესსამსახურმა გვითხრა, გუშინ ორი მოშიმშილე გახდა ცუდად, ხოლო დღეს – სამი. სასწრაფოს ინფორმაციით, პარლამენტის წინ დღეს ერთ ქალს ჰქონდა მაღალი წნევა და ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება.

მოძრაობის პრესსამსახურის ცნობით, ცუდად მყოფებს შორის ერთი მათი დაკავებული წევრის დედაა, ხოლო დანარჩენები მოძრაობის წევრები არიან. მისივე ინფორმაციით, მანამდე გაგრძელდება სასიკვდილო შიმშილობა, სანამ დაკავებულები არ გათავისუფლდებიან.

ე.წ. ქართულმა მარშმა მათი მოძრაობის დაკავებული წევრების გათავისუფლების მოთხოვნით უვადო სასიკვდილო შიმშილობა 1 მაისს დაიწყო. სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ისინი ირლანდიელი პატრიოტების ანალოგიურად იშიმშილებენ.

დაკავებული “ქართული მარშის” პროცესი თბილისის სააპელაციო სასამართლოში 3 მაისს, 12:00 საათზე, გაიმართება.

სიახლეები ე.წ. ქართულ მარშზე

19 მარტს, ე.წ. ქართული მარშის წევრებმა რუსთავი 2-თან ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ აქცია გამართეს და მისგან ბოდიში მოითხოვეს გადაცემაში ნათქვამი მოსაზრებების გამო. აქციის დროს სცემეს ტელეარხის ჟურნალისტი დავით ერაძე და დააზიანეს ავტომობილი. მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლებრივი, ისე – ადმინისტრაციული საქმეების გამოძიება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 მარტს ექვსივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების თანახმად, ირაკლი დოლენჯაშვილს, ლადო სადღობელაშვილს, ლუკა ნაცვლიშვილს, მიხეილ აამისულაშვილს, გიორგი ონიანსს და ბექა რევაზიშვილს ბრალად ედებათ ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. გიორგი ონიანს ასევე ბრალად ედება ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე, ლუკა ნაცვლიშვილსს გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.