ახალი ამბები

რატომ აღმოჩნდა შსს-ს განცხადებაში ინფორმაცია, თითქოს დაკავებული ნარკოტიკით ვაჭრობდა

3 მაისი, 2018 • 6516
რატომ აღმოჩნდა შსს-ს განცხადებაში ინფორმაცია, თითქოს დაკავებული ნარკოტიკით ვაჭრობდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გუშინ, 2 მაისს, “გირჩის” ოფისთან მოქალაქე ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და 173-ე  მუხლების შესაბამისად დააკავეს. აღნიშნული გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა-შენახვას და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩლებლობას.

მოგვიანებით კი უწყებამ განაცხადა, რომ  პოლიციის ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, დაკავებული ნარკოტიკებს უკანონოდ ასაღებდა და  სამართალდამცველებმა იგი, შესაბამისი საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით შეაჩერეს.

“ნეტგაზეთისთვის” მიწოდებულ ინფორმაცია არ იყო ნათქვამი, რომ აღნიშნულ პირს ნარკოტიკების გასაღების ფაქტი არ დაუდგინდა და მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით (უკანონო მოხმარება და დაუმორჩლებლობა) დააკავეს.

შსს-ს მიერ ნეტგაზეთისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში წერია:

“პოლიციის ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, მ.ს. ნარკოტიკებს უკანონოდ ასაღებდა. სამართალდამცველებმა იგი, შესაბამისი საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე შეაჩერეს. პოლიციელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს პოლიტიკური ცენტრის, „გირჩის“ წევრებმა, რომელთა ოფისიც შემთხვევის ადგილის მეზობლად აღმოჩნდა.

სამართალდამცველებმა აღნიშნულ მოქალაქეებს არაერთხელ მოუწოდეს წესრიგის დაცვისკენ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. მ.ს. სამართალდამცველებმა პოლიციის შენობაში გადაიყვანეს,  საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით”.

“ნეტგაზეთი” უწყებას განამრტებისთვის დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ აღმოჩნდა შსს-ს განცხადებაში ინფორმაცია, თითქოს პირი ასაღებდა ნარკოტიკს მაშინ, როცა ოფიციალურად  მხოლოდ უკანონო მოხმარებასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, ისიც ადმინისტრაციული წესიც.

როგორც უწყებაში გვიპასუხეს, განცხადების ის მონაკვეთი, სადაც დაკავებულის მიერ ნარკოტიკის გასაღების შესახებ ოპერატიულ ინფორმაციაზეა საუბარი, აღნიშნული პირის დაკავების წინა პერიოდს ეხება. კერძოდ, შსს-ს ჰქონდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მ.ს. ნარკოტიკებს ასაღებდა და პოლიციამ  ქავთარაძის ქუჩაზე სწორედ ამიტომ შეაჩერა.

მ.ს.-ს დაკავებას შეესწრნენ პოლიტიკური ცენტრი “გირჩის” წევრები, რომლებიც პოლიციას დაკავებულის განყოფილებაში გადაყვანის საშუალებას არ აძლევდნენ. პარტიის წევრების მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში პოლიციის სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი თანამშრომლები ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით, მ.ს. ნარკომომხმარებელი იყო და ნარკოტესტირების ჩასატარებლად უნდა გადაეყვანათ. ნარკოტიკების გასაღების ბრალდება ვიდეოჩანაწერებში არ ფიგურირებს.

“ადმინისტრაციულად ხართ დაკავებული, გვაქვს ინფორმაცია, რომ მოიხმართ ნარკოტიკებს” – უთხრა პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაკავებულს.

შსს-ში ამის საპასუხოდ ამბობენ, რომ ოპერატიული ინფორმაცია დაზუსტდა და პირვანდელი განცხადებაც აქედან გამომდინარეობს, რომელშიც ნათქვამია, რომ მ.ს. 45-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს (რაც ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა-შენახვას და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩლებლობას გულისხმობს). შსს-ს ინფორმაციით, მ.ს-მ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარი განაცხადა.


რა მოხდა გირჩის ოფისთან:

  • 2 მაისს, პოლიტიკური ცენტრი “გირჩის” ოფისის მიმდებარედ, მ.ს-ს პოლიცია აკავებდა. პარტიის წევრები სამართალდამცავებს დაკავებულის გადაყვანის საშუალებას არ აძლევდნენ.
  • “გირჩის” ლიდერი სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილ პოლიციელებს ეკითხებოდა, რატომ აკავებდნენ იმ ადამიანს და არა “გირჩის” წევრებს, რომლებსაც ოფისში 83 ძირი კანაფი ჰქონდათ დარგული. ამის საილუსტრაციოდ ერთი ქოთანი, სადაც მათი თქმით, კანაფის ჩითილი იყო, ჩამოიტანეს კიდეც.
  • შსს-ის თანამშრომლებმა, “გირჩის” წევრებს უთხრეს, რომ დაკავებული ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარის გასაფორმებლად განყოფილებაში უნდა წაეყვანათ, სადაც პარტიის წევრებიც გაჰყვნენ.
  • გირჩის წევრებს განყოფილებაში შესვლის უფლება არ მისცეს, თუმცა განყოფილებაში შეიყვანეს ნიკა ობოლაძე, რომელსაც ხელში ქოთანი ეჭირა. განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ ობოლაძემ თქვა, რომ მას მოწმის სახით კითხავდნენ.  მისი თქმით,  ხელში ქოთანი ეჭირა, რომელშიც მარიხუანა იყო დარგული და სწორედ ეს გახდა მისი დაკავების მიზეზი.
  • ამის შემდეგ, პოლიციის განყოფილებასთან გირჩის სხვა წევრები, მათ შორის, ვახტან მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
  • შსს-მ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო ზურაბ ჯაფარიძის მიმართაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი