ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

თამარ მეარაყიშვილმა ცხინვალში ერთ-ერთი სასამართლო პროცესი მოიგო

3 მაისი, 2018 • 5364
თამარ მეარაყიშვილმა ცხინვალში ერთ-ერთი სასამართლო პროცესი მოიგო

ცხინვალელმა მოსამართლემ ფატიმა პარაესტაევამ სასამართლო გადაწყვეტილება ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის სასარგებლოდ გამოიტანა. საქმე შეეხებოდა მეარაყიშვილის სარჩელს გენერალური პროკურატურის წინააღმდეგ. მეარაყიშვილი სტრუქტურას მის წინააღმდეგ საქმის უკანონოდ დაწყებაში ადანაშაულებდა.

თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ ცხინვალის ხელისუფლებამ სისხლის სამართლის ორი საქმე აღძრა. ერთი მათგანი –  2017 წლის აგვისტოში მმართველ პარტია “ერთიან ოსეთზე” ცილისწამების ბრალდებით. 

25 აგვისტოს ახალგორელმა აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა აღნიშულ საქმეზე ცხინვალის პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. მეარაყიშვილი და მისი ადვოკატი ჩრდილოეთ ოსეთიდან, იკრამჟან რამატოვი მიიჩნევდნენ, რომ ახალგორის/ლენინგორის პროკურატურის მიერ მისთვის 2017 წლის 16 აგვისტოს წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება ცილისწამების მუხლით უნდა შემწყდარიყო,  რადგანაც მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ გამოძიებას ბრალდების მტკიცებულებები არ გააჩნდა. მეარაყიშვილისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში ცხინვალის პროკურატურა წერდა, რომ ახალგორის პროკურატურის ქმედებები კანონსაწინააღმდეგო არ ყოფილა. სწორედ ამის შემდეგ მიმართა მეარაყიშვილმა სასამართლოს.

მეარაყიშვილის მიერ დღევანდელი პროცესის მოგება ნიშნავს იმას, რომ გენერალურმა პროკურორმა მის საჩივარზე მოტივირებული დადგენილება უნდა მიიღოს, სადაც  მიმართ დაწყებული “ცილისწამების” საქმის კანონიერად დაწყებას დაასაბუთებს. წინასწარი ინფორმაციით, მთავარი პროკურატურა დღევანდელ გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციაში, უზენაეს სასამრთლოში გაასაჩივრებს.

მას შემდეგ დღემდე საგამოძიებო ორგანოებს მეარაყიშვილისთვის არ დაუბრუნებიათ პირადი ჩხრეკის დროს ჩამორთმეული ნივთები, მათ შორის საბუთები, რის გამოც ის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიას ვერ ტოვებს.

რაც შეეხება მის წინააღმდეგ მეორე საქმეს, ის უკავშირდება დოკუმენტების, კერძოდ, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტის უკანონოდ მიღებას.


მეარაყიშვილის საქმეზე ცხინვალის ხელისუფლების მისამართით არაერთი განცხადება და მიმართვა გაკეთდა როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველების მხრიდან.

მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაწყებამდე თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონის სახელით ხშირად მონაწილეობდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონფლიქტური რეგიონებისა და ამ საკითხებზე გამართულ კონფერენციებში, რომლებიც თბილისში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწყობა.

ახალგორის რაიონი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი