ახალი ამბები

მუხთარლისა და რუსთავი 2-ის საქმეები – მედიაგარემო RSF-ის ანგარიშში

3 მაისი, 2018 • 1378
მუხთარლისა და რუსთავი 2-ის საქმეები – მედიაგარემო RSF-ის ანგარიშში

“პლურალისტური, მაგრამ ჯერ კიდევ არადამოუკიდებელი” – ასე აფასებს საქართველოს მონაცემს  ჟურნალისტების უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RFS). მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრესის თავისუფლების ინდექსით, 2018 წელს საქართველო 180 ქვეყანას შორის 61-ე ადგილზეა. 2017 წელს საქართველო ამავე ინდექსით 64-ე ადგილზე იყო.

“ქართული მედია პლურალისტურია, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან პოლარიზებული. ბოლო წლების რეფორმებმა, მართალია, გააუმჯობესა მედიამფლობელების გამჭვირვალობა და სატელიტური ტელევიზიების მრავალფეროვნება, თუმცა მფლობელები სარედაქციო საქმიანობაში ხშირად ერევიან. გარდა ამისა, მედიაზე გავლენას ახდენს ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ტელეკომპანიის, რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე დავაც,” – ნათქვამია კველვაში.

როგორც “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებმა რაოდენობრივად იკლო, ჯერ კიდევ ხშირია მათ მიმართ მუქარა.

“ტრადიციულად, საქართველო მეზობელი ქვეყნების დისიდენტებს სთავაზობდა თავშესაფარს. ამის ფონზე, 2017 წელს აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცება საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად შოკის მოგვრელი იყო. გატაცების შემდგომ მუხთარლი გაურკვეველი გზით აზერბაიჯანში აღმოჩნდა, სადაც მას თავისუფლების 6 წლით აღკვეთა მიუსაჯეს. აღნიშნულის გამო საქართველომ უსაფრთხოების ორი მაღალჩინოსანი დაითხოვა, თუმცა გამოძიებას ჯერ კიდევ არ აქვს ახსნა, თუ კონკრეტულად როგორ მოხდა აღნიშნული,” – წერია კვლევაში.

რაც შეეხება მეზობელი ქვეყნის პოზიციებს, პრესის თავისუფლების ინდექსით თურქეთი 157-ე, აზერბაიჯანი 163-ე, სომხეთი მე-80, ხოლო რუსეთი 148-ე ადგილს იკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი