ახალი ამბები

საჭიროა პოზიტივზე საუბარიც – პრემიერმა მედიას პრესის თავისუფლების დღე მიულოცა

3 მაისი, 2018 • 1298
საჭიროა პოზიტივზე საუბარიც – პრემიერმა მედიას პრესის თავისუფლების დღე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 3 მაისი, პრესის თავისუფლების დღე ჟურნალისტებს მიულოცა და მოუწოდა, რომ პოზიტივზეც გაამახვილონ ყურადღება.

 “მინდა, თხოვნით მივმართო მედიის წარმომადგენლებს – ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ როგორც პრობლემებზე, ასევე პოზიტივზე საუბარი. ხვალინდელი დღის იმედი არის აბსოლუტურად მატერიალური. ის ამოძრავებს ეკონომიკას, ინვესტიციებს, ადამიანებს გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაზე პოზიტიურ მოლოდინებს უქმნის და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყანაში ასეთი მოლოდინები არსებობდეს, მით უმეტეს, რომ მათ ამისთვის აბსოლუტურად ობიექტური საფუძველი აქვთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა  უმჯობესდება. მან აღნიშნა, რომ 2011-2012 წლებში საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”  პრესის თავისუფლების შეფასების კუთხით საქართველოს 105-ე ადგილი ეკავა, დღეს კი 61-ე ადგილზეა.

“სხვათა შორის, ვუსწრებთ არაერთ ევროპულ სახელმწიფოს და მგონია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ დამოუკიდებელი და ობიექტური ინფორმაცია. ვფიქრობ, ეს არის დიდი მონაპოვარი, რომელსაც გაფრთხილება უნდა. რამდენიმე დღის წინ ამ ორგანიზაციამ სამი საფეხურით კიდევ უფრო მაღლა, 64-დან 61-ე ადგილზე წაანაცვლა საქართველო, რაც უდავოდ ძალიან კარგია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი