ახალი ამბები

მზარდი დაფინანსება და დაბალი რეიტინგი – რა ჯდება საზმაუს შენახვა

3 მაისი, 2018 • 4283
მზარდი დაფინანსება და დაბალი რეიტინგი – რა ჯდება საზმაუს შენახვა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო დაფინანსება წლიდან წლამდე იზრდება და 2018 წლისთვის უკვე გადააჭარბა 50 მილიონ ლარს. ამის პარალელურად, 2017 წელს მისი რეიტინგი მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ტელეკომპანია “იმედის”, “რუსთავი 2-ის”, “GDS-ისა და “კომედი არხის” რეიტინგს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება, თითოეულ გადაცემაზე და თანამშრომლების ანაზღაურებაზე დახარჯული თანხა, გაანალიზებულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევაში, რომელიც 2 მაისს გამოქვეყნდა. აღნიშნული კვლევა მომზადებულია ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ფინანსთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ძირითადი წყარო სახელმწიფო ბიუჯეტია და ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით იცვლება. კანონით, მაუწყებლის ბიუჯეტი მშპ-ს არანაკლებ 0.14%-ს უნდა შეადგენდეს.

2016 წელს მაუწყებლის დაფინანსება 43.2 მილიონი ლარი იყო, 2017 წელს – 46.4 მილიონი, 2018 წელს – 50.2 მილიონი. საზმაუს 2018 წლის 50-მილიონიანი ბიუჯეტიდან 44.6 მილიონი ლარი უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხაა, 5.6 მილიონი ლარი კი- არასაბიუჯეტო დაფინანსება. გარდა ამისა, მისი ბიუჯეტის არანაკლებ 15% გადაეცემა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, რაც 2018 წელს 7.9 მილიონი ლარია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეადარა, თუ რამდენად აისახება ბიუჯეტის მზარდი დაფინანსება საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგზე. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ჩანს, რომ საზმაუს ყველა სხვა ქართულ ტელეარხზე ბევრად მაღალი დაფინანსება ჰქონდა თუნდაც 2017 წელს, მაგრამ რეიტინგით თითქმის 7–ჯერ ჩამორჩებოდა სატელევიზიო ბაზრის ორ ლიდერს – “რუსთავი 2-სა” და “იმედს”.  

“თი ვი ემ არ საქართველოს მონაცემების” მიხედვით, რომელიც სატელევიზიო რეიტინგების მზომავი საერთაშორისო კომპანია “ნილსენის” ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, 2017 წელს “იმედის” საშუალო რეიტინგი 5.28% იყო, “რუსთავი 2” – 5.04%, GDS – 1.06%, კომედი არხი – 0.73%, “პირველი არხი” კი- 0.68%.

საია-ს კვლევაში მოცემულია აღნიშნული ტელევიზიების დაფინანსება 2017 წელს, რომელიც ასე გამოიყურება:

  • საზოგადოებრივი მაუწყებელი – 42.3 მილიონი ლარი;
  • “რუსთავი 2” – 32.3 მილიონი ლარი (რუსთავი 2-ის მონაცემებში ერთიანდება “რუსთავი 2-ის”, “მარაოსა” და “კომედი არხის” ფინანსები;
  • “იმედი” – 26.9 მილიონი ლარი;
  • GDS – 18.9 მილიონი ლარი.

საია-ს კვლევა აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თანამშრომლების ხელფასებზე ბიუჯეტის ნახევარზე მეტს ხარჯავს. მაგალითად, მხოლოდ 2018 წელს თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე 27 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. 2018 წლის მონაცემებით, მაუწყებელში სულ 1 172 ადამიანი არის დასაქმებული (როგორც შტატიანი, ისე უშტატო თანამშრომელი). ამავე კვლევის მიხედვით, 2017 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად სამეურვეო საბჭომ ვასილ მაღლაფერიძე დანიშნა, მაუწყებლის თანამშრომელთა რაოდენობა 35–ით გაიზარდა. 

როგორც “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” წერს, სხვადასხვა საკითხთან ერთად, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს იღებს და მასში ცვლილებებს ახორციელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისგან დეტალური ბიუჯეტისა და დასაბუთების მიღების გარეშე. ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებსაიტზე არ არის გამოქვეყნებული და არც მოთხოვნის შემთხვევაში არ გასცემს სათანადო ინფორმაციას ბიუჯეტების შესახებ. უფრო ვრცლად საია-ს მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელში გამოვლენილ პრობლემებზე, გაეცანით აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი