შსს-“გირჩის” წევრები წვრილმანი ხულიგნობისთვის და წინააღმდეგობისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “გირჩის” წევრები, ვახტან მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. შსს-ს თანახმად, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, სამართალდამცავები ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით ერთ პირს აკავებდნენ, “გირჩის” წევრებმა კი ხელი შეუშალეს.

“სამართალდამცველებმა აღნიშნულ მოქალაქეებს არაერთხელ მოუწოდეს წესრიგის დაცვისკენ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. სამართალდამცველებმა პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით. „გირჩის“ წევრები დაედევნენ პოლიციელებს, აგრძელებდნენ მათთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლას და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის გამოც 1982 წელს დაბადებული ი.ხ. და 1972 წელს დაბადებული ვ.მ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს,”-აცხადებენ შსს-ში.

“გირჩის” წევრების დაკავების შესახებ “ნეტგაზეთს” ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა. “გირჩის” წევრების თქმით, 5-6 უფორმო ადამიანი, რომლებმაც თავი შსს-ს თანამშრომლებად წარადგინეს, მათი პარტიის ოფისის მიმდებარედ მოქალაქის დაკავებას ცდილობდა. როგორც “გირჩის” წევრმა ნიკა ობოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცავებს ჰქონდათ ეჭვი, რომ ეს ადამიანი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.