ახალი ამბები

ჯაფარიძე: “გირჩის” წევრი ნიკა ობოლაძე დააკავეს

2 მაისი, 2018 • 3673
ჯაფარიძე: “გირჩის” წევრი ნიკა ობოლაძე დააკავეს

ზურა ჯაფარიძის თქმით, “გირჩის” წევრი ნიკა ობოლოძე დააკავეს. ის ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში იმყოფება, რომელში შესვლის უფლებასაც პარტიის დანარჩენ წევრებს არ აძლევენ.

პარტიის წევრების ინფორმაციით, მას კანაფის ქოთანი ეჭირა, როდესაც პოლიციის განყოფილებაში ყოველგვარი განმარტების გარეშე შეიყვანეს.

“15 კაცია ამით დაკავებული, კრიმინალს ებრძვიან ამ წუთას. ნიკა ობოლაძე შეიყვანეს ერთი ქოთანი მოსაწევით, რომელსაც მთელი თბილისი მოვატარე. მაგაზე დიდი ძირი მაქვს მიტანილი “იმედის” ეთერში, მთელი ქვეყანა მიყურებდა” – ამბობს პარტიის ლიდერი ზურა ჯაფარიძე.

პარტიის ინფორმაციით, დღეს გირჩის ოფისის მიმდებარედ სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პოლიციელები ახალგაზრდა კაცის დაკავებას ცდილობდნენ, რადგან ოპერატიული ინფორმაციით, ის ნარკომომხმარებელი იყო. პარტიის წევრები ცდილობდნენ პოლიციისთვის ხელი შეეშალათ ამ ადამიანის დაკავებაში.

პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე პოლიციელებთან საუბარში ამბობდა, რომ პარტიის ოფისში 84 ძირი მარიხუანა აქვთ დარგული. ჯაფარიძემ ეს განცხადება პოლიციელებთან გააკეთა, რომლებიც გირჩის ოფისთან დაკავებული ერთ-ერთი პირის გადაყვანას ცდილობდნენ, რის საშუალებასაც მათ პარტიის წევრები არ აძლევდნენ:

“ეს კაცი რანაირად არის ჩემზე დამნაშავე, 84 ძირი მოსაწევი გვაქვს დარგული აქ, რა ლოგიკით მიგყავთ ეს ადამიანი და ჩვენ არა?” – თქვა ჯაფარიძემ.

ამის შემდეგ პარტიის წევრებმა ოფისიდან ქოთანი ჩამოიტანეს, სადაც მათი თქმით, მარიხუანაა დარგული.

მოგვიანებით, მათი პარტიის ოფისის მიმდებარედ დაკავებული პირი, რომელსაც “გირჩის” წევრები პოლიციას არ ატანდნენ, განყოფილებაში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარის თქმის გასაფორმებლად გადაიყვანეს. განყოფლებაში დაკავებულს პარტიის წევრებიც გაჰყვნენ, თუმცა მათ შენობა დაატოვებინეს.

პარტიის დანარჩენ წევრებთან ერთად, პოლიციის განყოფილების შენობასთან იმყოფებოდა ნიკა ობოლაძეც. როგორც “გირჩის” წევრები ამბობენ, ობოლაძეს ხელში კანაფის ქოთანი ეჭირა.

ახალგაზრდა კაცის დაკავებაზე შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე  ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, ერთი პირი დააკავეს.

მუხლი  ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა-შენახვას, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩლებლობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, მოქალაქე გადაყვანილია ნარკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად.

რაც შეეხება ნიკა ობოლაძის დაკავებას, უწყებაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ამ ინფორმაციას არკვევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი