დადიანების სასახლის ეზოში ბრინჯაოს კოლხური ქანდაკების ასლი წააქციეს

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ტერიტორიაზე კოლხური ქალი ღვთაების ქანდაკება წაქცეული იპოვეს. ინფორმაცია “რადიო ათინათმა” გაავრცელა.

მუზეუმის დირექტორმა, ლილი ბერაიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ დღეს გაიგო მომხდარის შესახებ. დირექტორის თქმით, ქანდაკება, სავარაუდოდ, საღამოს წააქციეს. როგორც ლილი ბერაიამ თქვა, წაქცეულ ქანდაკებასთან იპოვეს წერილი, რომ ეს ქანდაკება წარმართულია და ამის გამო იქ არ უნდა იდგეს, თუმცა ეს წერილი ლილი ბერაიას არ უნახავს.

მუზეუმის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ქანდაკება ბრინჯაოსია და შეიძლება მასალის ღირებულებიდან გამომდინარე უნდოდა მისი წაღება, თუმცა ვერ მოახერხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქანდაკების წაქცევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მიხედვით, ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო.

ლილი ბერაიას განცხადებით, ეს ქანდაკება ზუგდიდის მერიამ დადგა. ქანდაკება იმ არტეფაქის ანალოგიითაა შექმნილი, რომელიც 2008 წელს ცაიშის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

ზუგდიდის დადიანების სასახლეში წაცეული ბრინჯაოს ქანდაკება. ფოტო: რადიო ათინათი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com