ვიდეო ▶ პრეზიდენტმა პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვა

საქართველოს პორეზიდენტმა ცოტა ხნის წინ პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვა. გიორგი მარგველაშვილი დებატების ფორმატს ითხოვდა, რადგან შესაძლებლობა ჰქონოდა მის მიმართ დასმულ კითხვებზე დეპუტატებისთვის პირდაპირ ეპასუხა. პრეზიდენტის შეფასებით, არაერთი აბსტრაქტული კითხვა დაისვა, თუ რატომ იღებდა ამა თუ იმ გადაწყვეტილებებს და ა.შ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტს მხოლოდ დასკვნით სიტყვაში შეუძლია კითხვებზე პასუხების გაცემა. კობახიძემ პრეზიდენტი კანონის და ინსტიტუტის უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

ირაკლი კობახიძე: ბატონო გიორგი, თანხმობა უნდა ავიღო მაშინ პარლამენტისგან, თორემ ეს არის რეგლამენტის დარღვევა. ჩვენ გვაქვს დამტკიცებული რეგლამენტი. პრინციპში, პარლამენტის თანხმობაც არ არის საკმარისი ამისათვის იმიტომ, რომ რეგლამენტით ზუსტად არის დადგენილი დებატების პროცედურა.

გიორგი მარგველაშვილი: ეს ცოტა სირთულეს ქმნის იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს გამოცხადებული დებატები; როდესაც დებატებში გამოდიან პოლიტიკოსები და კონკრეტულ პასუხს აძლევენ ჩემს შეხედულებებზე, მე უნდა მქონდეს შესაძლებლობა, შევქმნა დებატის ფორმატი. ეს არ არის დებატები, როდესაც მე ვისმენ ერთმანეთის მიყოლებით გარკვეულ შეხედულებებს და არ მაქვს შესაძლებლობა, ჩავერთო დისკუსიაში. ასე რომ, თუ რაიმე პროცედურული თემა არის გასავლელი, გავიაროთ და მომეცით შესაძლებლობა, დისკუსიაში ვიყო პარლამენტთან, რომელსაც გააჩნია შეხედულებები, რაზეც მეც გამაჩნია პასუხები. აქ დაისვა ცოტა აბსტრაქტული კითხვები, რატომ ეს არ გავაკეთე და რატომ ის გადაწყვეტილება არ მივიღე… მომეცით შესაძლებლობა, დებატებში შევიდე პატივცემულ დეპუტატებთან. თუ რამე პროცედურული საქმე არის გასაკეთებელი, გავაკეთოთ.

ირაკლი კობახიძე: თქვენ გექნებათ დასკვნითი სიტყვა და, ბუნებრივია, ყველა დასმულ კითხვას გასცემთ პასუხს. სხდომა მე მიმყავს და მივყვებით რეგლამენტს. რეგლამენტის წესი დადგენილია საქართველოს პარლამენტში 1995 წლიდან. თქვენი მეგობარი, ბატონი ზურაბ ჟვანია იყო მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე. იმის შემდეგ ეს წესი არის უცვლელი.

გიორგი მარგველაშვილი: მე არ მახსოვს, რომ პრეზიდენტს არ შეეძლოს დებატებში შესვლა. გააკეთეთ ისე, რომ შემეძლოს დებატებში შესვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე, უბრალოდ, მოსმენა… დასკვნით სიტყვაში გავცემ პასუხს თუ შუაში ვიტყვი, ჩემი გადასაწყვეტია. შეიძლება დასკვნითი სიტყვა საერთოდ არ ვთქვა და შევიდე დებატებში პატივცემულ დეპუტატებთან. რატომ არ მაძლევთ დებატების შესაძლებლობას?

ირაკლი კობახიძე: არასწორია, რასაც აკეთებთ, ბატონო გიორგი. კანონს ეწინააღმდეგებით.

გიორგი მარგველაშვილი: თქვენ მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ამ სხდომას, რომელიც არ მაძლევს შესაძლებლობას, შევიდე დისკუსიაში დეპუტატებთან, არ დავესწრები. მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. გელოდებით.

ირაკლი კობახიძე: ეს არის კანონის და ინსტიტუტის უპატივცემულობა, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. განვმარტავ და დარწმნებული ვარ, ჩემი კოლეგებიც იგივეს იტყვიან. მოქმედებს საქართველოში კანონმდებლობა – ერთ-ერთი საკანონმდებლო აქტი არის პარლამენტის რეგლამენტი. ამ დოკუმენტით არის დადგენილი იმპერატიულად დებატების გამართვის პროცედურა. რეგლამენტის თანახმად, ჯერ გამოდიან ფრაქციები, შემდეგ სხვა სუბიექტები, მათ შორის: უმცირესობა, უმრავლესობა, ვიცესპიკერები, სპიკერი… ამის შემდეგ მომხსენებელს, ბატონ პრეზიდენტს, საკუთარი დასკვნითი სიტყვით გამოსვლის უფლება. რეგლამენტში სწორად არის აგებული დებატების პროცედურა; პრეზიდენტს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ყველა კითხვას გასცეს პასუხი. ამისათვის არის დადგენილი შესაბამისი პროცედურა და ზუსტად ამის გამო გამოდის მომხსენებელი, ბატონი გიორგი მარგველაშვილი ბოლოს.


19:00 საათზე პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვნება გამოაცხადა. სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი პარლამენტის გადაწყვეტილება პრეზიდენტის შეთავაზებაზე. ოპოზიციის წარმომადგენლები მარგველაშვილის ინიციატივას მხარს უჭერენ.

პრეზიდენტი პარლამენტში – ყველა სიახლე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.