“გამოსვლა უშინაარსო იყო” – როგორ აფასებს პრემიერი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას

დღეს, 2 მაისს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის რანგში პარლამენტის წინაშე სიტყვით უკანასკნელად გამოვიდა. თუმცა მის შეფასებასა და კრიტიკას მმართველი გუნდი არ იზიარებს. როგორც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, პრეზიდენტის შეფასებები უშინაარსო იყო.

“მქონდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა იქნებოდა გაცილებით უფრო ღრმა, მეტი ანალიზით, უფრო კონცენტრირებული, მეტი ანალიზი იქნებოდა პრობლემების და ასევე, გზებზე იქნებოდა საუბარი. მან ისაუბრა ქვეყნის სოციალურ პრობლემებზე, რასაც ჩვენ არათუ უარვყოფთ, არამედ ყველა ხელისუფლების შტო მუშაობს აქტიურად, რომ ამ მიმართულებით ქვეყანა წინ წავიდა. მან ისაუბრა ინსტიტუტების დაკნინებასა და ინსტიტუციების უპატივცემულობაზე, როცა თვითონ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ სტატისტისკის დეპარტამენტის მონაცემები,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს გაცილებით უფრო ფართოდ უნდა მიმოეხილა ის პრობლემები, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას და “როგორც პრეზიდენტს, უფრო მეტი გამაერთიანებელი ფუნქცია უნდა გამოეჩინა”.

ვრცლად პრეზიდენტის გამოსვლაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან