ახალი ამბები

შესაძლოა, “ვარდების რევოლუციის მოედანს” “დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი” დაერქვას

2 მაისი, 2018 • 3910
შესაძლოა, “ვარდების რევოლუციის მოედანს” “დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი” დაერქვას

“ვარდების რევოლუციის მოედანს”, შესაძლოა, “პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის” მოედანი ეწოდოს. აღნიშნული ინიციტაივით პირველ მაისს თბილისის საკრებულო გამოვიდა, ხოლო დღეს, 2 მაისს, გამართულ მთავრობის სხდომაზე მას მხარი თბილისის მერმა, კახა კალაძემაც დაუჭირა.

საკრებულოს ინფორმაციით, ამ ინიციატივას განიხილავენ 2 მაისს თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე. გარდა ამისა, კომისიის წევრები რიგი ქუჩებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმომწერ საზოგადო მოღვაწეთა სახელების მინიჭების შესახებ იმსჯელებენ.

“საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, 26 მაისი და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე ჩვენი ქვეყნის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. სწორედ ამიტომ, თბილისის საკრებულოს ინიციატივაა, რომ დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელი ეწოდოს,”- ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.

ინიციატივის განხილვისთვის 20-დღიანი ვადაა განსაზღვრული. როგორც თბილისის მერი აღნიშნავს:

“თბილისის საკრებულომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და მოედანს სახელი გადაერქმევა. მთლიანობაში 18 ლოკაცია დასახელდა. ერთ-ერთი გახლავთ ვარდების რევოლუციის მოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭება. ჩვენ ამ წამოწყებას, რა თქმა უნდა, მივესალმებით“.

მასალების გადაბეჭდვის წესი