ახალი ამბებიეკონომიკა

მაღაზიებს დამრგვალებული ხურდის გაცემა დაევალებათ – კანონპროექტი

2 მაისი, 2018 • 4281
მაღაზიებს დამრგვალებული ხურდის გაცემა დაევალებათ – კანონპროექტი

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც, მაღაზიები ვალდებული იქნებიან, ნაღდი ანგარიშსწორებისას პროდუქცია ხუთის ჯერადი ღირებულებით გაყიდონ და, შესაბამისად, ხურდაც ამის მიხედვით დააბრუნონ.

მაგალითად, თუ ამჟამად სავაჭრო ობიექტებში რაიმე პროდუქცია 97 თეთრი ღირს და თქვენ გამყიდველს ლარიანს აწვდით, ის ვალდებულია, ზუსტად სამი თეთრი დაგიბრუნოთ. კანონპროექტის მიხედვით კი, გამყიდველები ვალდებული იქნებიან, პროდუქცია გაყიდონ ხუთის ჯერადი ღირებულებით, მაგალითად, 97-თეთრიანი ნივთი ან ლარად უნდა გაიყიდოს, ან 95 თეთრად.

საქართველოს მთავრობა შესაბამის ცვლილებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გეგმავს. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ერთი თეთრის სიზუსტით ანგარიშსწორების პრინციპი 2019 წლის 1 იანვრამდე იმოქმედებს, ამის შემდეგ კი ძალაში შევა დამრგვალება. დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 200 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული კი, 400 ლარით.

შესაბამისი ცვლილება იგეგმება “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” კანონშიც.

აღნიშნული ცვლილება უკავშირდება მიმოქცევიდან 1 და 2-თეთრიანი მონეტების ამოღებას, რადგან მათი დამზადება ეროვნულ ბანკს თვითღირებულებაზე მეტი უჯდება, პრაქტიკაში კი იშვიათად გამოიყენება.

მასალების გადაბეჭდვის წესი