ახალი ამბები

მშრომელთა უფლებების დღე – რას ითხოვენ დასაქმებულები საქართველოში?

2 მაისი, 2018 • 2229
მშრომელთა უფლებების დღე – რას ითხოვენ დასაქმებულები საქართველოში?

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ უსაფრთხო და ღირსებული შრომა კიდევ ერთი საპროტესტო აქციით მოითხოვა. მშრომელთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად და საკუთარი მოთხოვნების გასახმიანებლად სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებმა პირველ მაისს ვარდების მოედნიდან თბილისის პარლამენტის შენობამდე მსვლელობით გაიარეს.

დასარტყამი ინსტრუმენტებით, შეძახილებითა და სხვადასხვა შინაარსის პლაკატით აქციის მონაწილეებმა მთავრობას სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებები კიდევ ერთხელ შეახსენეს. მათი თქმით, შრომითი პირობების გასაუმჯობესებლად- როგორც უსაფრთხოების, ისე ანაზღაურების კუთხით- სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იღებს და ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.

პროფკავშირების გაერთიანების საპირველმაისო აქცია. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე სიტყვით გამოსვლებს სხვებთან ერთად ამირან მაჩიტიძეც უსმენდა. ის ბოლო 43 წელია ჭიათურის მაღაროში მუშაობს. “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში შრომითი უსაფრთხოების მაჩვენებელი დაბალია, სახელფასო ანაზრაურება კი – უცვლელი.

“მაღარო, საერთოდ, საკმაოდ რთულად მოსამარაგებელია. სჭირდება დამტვირთი მანქანები, გამაგრება, სპეციალური რკინიგზა და ა.შ. რომლებიც ზოგჯერ უხარისხოა, ხშირად კი ნაკლებია. ძირითადად მოძველებული ტექნიკით ვმუშაობთ. ახლა შემოიტანეს დიზელის ძრავზე მომუშავე მანქანები, რომელსაც გარდა იმისა, რომ ასრულებს თავის სამუშაოს, უარყოფითი თვისებებიც აქვს: გამონაბოლქვი, რომელიც გამოიყოფა ძრავებისაგან, გვირაბებში, სადაც საკმარისი განიავება არ არის, იწვევს დაბინძურებას, რომელსაც ადამიანებიც ვსუნთქავთ”, – განაცხადა მან.

ამირან მაჩიტიძის თქმით, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას არ ითვალისწინებს და მოლაპარაკებების დროში გაწელვას ცდილობს, რის გამოც, არ არის გამორიცხული, მშრომელებმა რადიკალურ გზებს მიმართონ:

“ანაზღაურება ბოლო 4 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. დღესაც დავა გვაქვს კომპანიასთან, რომელშიც სახელმწიფოს წარმომადგენელიც ჩაერთო. არ ითვალისწინებენ იმას, რომ გაუფასურდა ლარი, მისი მსყიდველობითუნარიანობა შემცირდა… კომპანია ძალიან ხშირად დროს წელავს, გვპირდებიან და არ ასრულებენ. დღესაც ვერ მოვრიგდით და შესაძლოა, მაისის თვის 10-15 რიცხვიდან გაფიცვაც დაიწყოს, იმ დონეზეა საქმე მისული”.

პროფკავშირების გაერთიანების საპირველმაისო აქცია. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

პროფკავშრების აქციას ღირსეული და უსაფრთხო შრომის მოთხოვნით “რუსთავის აზოტის” წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მათ შორის იყო ლევან ცუხიშვილიც, რომელიც ამჟამად საწარმოში მოქმედი პროფკავშირის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს და გვარჯილის საამქროშია დასაქმებული. მისი თქმით, შესაბამისი პირობების უზრუნველყოფის გარდა, უნდა შეწყდეს პროფკავშირების წევრობის ნიშნით დევნა, რაც სხვადასხვა ფორმით დღემდე ხდება.

“ყველა მუშის გვერდით ვიქნებით. მნიშვნელობა არ აქვს, მეშახტე იქნება ის თუ მეტალურგი. აუცილებელია უსაფრთხო შრომა, შესაბამისი ანაზღაურება და არავითარი შევიწროება პროფკავშირების წევრობის გამო.

პირადად არ მოდიან[ხელმძღვანელობა], თუმცა მათი დავალებით მოდიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ გამოდით პროფკავშირებიდან და თქვენ არავინ შეგეხებათ, თუ არადა, დროთა განმავლობაში სამსახურის დატოვება მოგიწევთო.

პროტეტსი მნიშვნელოვანია, რათა სახელმწიფომ დაინახოს, რომ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ და ერთმანეთს არასდროს მივატოვებთ. თუ ჩვენ გვინდა ევროპაში შესვლა, ამ მხრივ მოსახლეობა უნდა იყოს დაკმაყოფილებული”, – განუცხადა ლევან ცუხიშვილმა “ნეტგაზეთს”.

პროფკავშირების გაერთიანების საპირველმაისო აქცია. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

დღევანდელი აქციის ღონისძიების აღწერაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, პროფკავშირების გაერთიანება ხაზს უსვამდა, რომ შეკრებაზე მისვლისკენ მხოლოდ იმ ორგანიზაციებს მოუწოდებდა, რომლებიც მის შეხედულებებს იზიარებდნენ. გაერთიანება აღნიშნავდა, რომ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები პროტესტს “მერკანტილური ინტერესებისთვის” იყენებდნენ და პროფკავშრების დასუსტებას ცდილობდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით “ნეტგაზეთმა” პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს ჰკითხა. მას მიმართვის ადრესატები არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებისა და რიგი ორგანიზაციების ნაწილი პროფკავშირების პროტესტის ფონზე მხოლოდ “კამერებთან პოზირებდა” და ორგანიზაციის მოთხოვნებს მისგან დამოუკიდებლად ახმიანებდა, რაც მიუღებელია.

“პროფკავშირების მხრიდან წამოვიდა ეს რიტორიკა იმიტომ, რომ ჩვენს აქციებში მონაწილეობა და კამერებთან პოზიორობა, რაც განსაკუთრებით პოლიტიკოსებს ეხებათ, ბუნებრივია, ჩვენთვის არ იყო მისაღები.

…ეს არის პროფკავშირების გამგეობის აზრი, რომელიც აქამდეც არაერთხელ ამბობდა, რომ თუ ხალხი არის ჩვენთან ერთად, მაშინ ისინი უნდა ეთანხმებოდნენ ჩვენს იდეებს და ასახავდნენ იმ საკითხებს, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ. [მიუღებელია] რაღაც საინიციატივო ჯგუფების შექმნა და პროფკავშირების მოთხოვნების ერთი ერთში გადაწერა ისე, თითქოს ჩვენ საერთოდ არ გვიმუშავია ამ საკითხებზე და სხვა უფრო ეფექტურად მუშაობს. ორგანიზაციას აქვს თავისი დღის წესრიგი და ყველა, ვინც მოვიწვიეთ [აქციაზე], მას იზიარებს”, – განუცხადა პეტრიაშვილმა “ნეტგაზეთს”.

პროფკავშირების სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის გასულ სამ თვეში საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად, (სხვადასხვა სფეროებში) ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 18 და მძიმედ დაშავდა 12 ადამიანი. 2017 წელს კი 41 გარდაიცვალა და 66 მძიმედ დაშავდა. აქედან მხოლოდ ტყიბულის მაღაროებში გასულ 15 თვეში გარდაიცვალა 11 ადამიანი.

შრომის უსაფრთხოებასთან ერთად, რიგი პროფესიული კავშირებსი მოთხოვნა სახელფასო ანაზღაურების გაუმჯობესებაა. სწორედ ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო დააანონსეს გაფიცვა თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებმა, რომელიც ძალაში 3 მაისის დილიდან უნდა შევიდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი