ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პარლამენტმა ფაშინიანის პრემიერად დანიშვნას მხარი არ დაუჭირა

1 მაისი, 2018 • 2610
სომხეთის პარლამენტმა ფაშინიანის პრემიერად დანიშვნას მხარი არ დაუჭირა

დღეს, 1 მაისს, სომხეთის ეროვნული კრებაში [პარლამენტი] პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანის დანიშვნას მხარი არ დაუჭირეს ყველაზე მეტი [58] მანდატის მქონე, სახელისუფლებო რესპუბლიკურმა პარტიის დეპუტატებმა. შესაბამისად, ფაშინიანი პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად ვერ აირჩია.

ფაშინიანმა მხოლოდ 45 ხმა მიიღო, მისი არჩევის წინააღმდეგ კი 55-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

იმისთვის, რომ ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად აერჩიათ, 53 ხმა იყო საკმარისი. ახალი პრემიერის ასარჩევად მორიგი კენჭისყრა ზუსტად 7 დღეში გაიმართება.

საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისად, პარლამენტი მის კანდიდატურას კენჭს კიდევ ერთხელ უყრის. თუ დეპუტატები პრემიერს კვლავ ვერ აირჩევენ, პარლამენტს დაითხოვენ, რის შემდეგაც სომხეთში ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

პარლამენტის სხდომის პარალელურად ერევანში საპროტესტო აქციაც მიმდინარეობდა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.

საპროტესტო აქციისკენ ფაშინიანმა მხარდამჭერებს გუშინ, გვიან ღამით ფეისბუკით მოუწოდა. მისი გუშინდელი განცხადებით, ფლობდა უტყუარ ინფორმაციას, რომ რესპუბლიკური პარტია დღევანდელი სხდომის ჩაშლას აპირებდა.

უფრო ვრცლად, ვინ არის ნიკოლ ფაშინიანი წაიკითხეთ ბმულზე –  ვინ არის და რა შეხედულებები აქვს სომხეთის აქციების ლიდერს.


სომხეთში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია:

  • ათწლიანი საპრეზიდენტო მმართველობის შემდეგ სერჟ სარგსიანის უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში დარჩენის საფრთხე სომხეთში პირველად,  23 მარტს ახალგაზრდების მცირე ჯგუფმა გააპროტესტა.
  • რამდენიმე დღეში სარგსიანი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად უკვე ოფიციალურად დაასახელეს, რასაც ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი აქციებიც მოჰყვა.
  • 16 აპრილის დილიდან ერევანში ოპოზიციამ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო. აქციის მიზანი იყო, რომ 17 აპრილს პარლამენტში დეპუტატებს ვერ შეეღწიათ და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვერ აერჩიათ.
  • 17 აპრილს სომხეთის პოლიციამ ერევნის მთავარ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული სტუდენტების დაკავება დაიწყო.
  • სარგსიანის ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ აქციაში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა. 22 აპრილს მომიტინგეთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.
  • 23 აპრილს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, სერჟ სარგსიანმა, მოქალაქეების 10-დღიანი აქციების შემდეგ თანამდებობა დატოვა.
  • პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს სომხეთის ვიცეპრემიერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარენ კარაპეტიანი ასრულებდა.
  • მალევე, ხელისუფლების სრული გადადგომის მოთხოვნით, სომხეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები განახლდა, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი