ახალი ამბები

როგორ ესახება გუგული მაღრაძეს ჭარბწონიანობის რეგულირება – განმარტება

1 მაისი, 2018 • 5420
როგორ ესახება გუგული მაღრაძეს ჭარბწონიანობის რეგულირება – განმარტება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გუგული მაღრაძე ჭარბწონიანობის წინააღმდეგ რეგულაციების შესაქმნელად კონსულტაციებს დაიწყებს. ამის შესახებ პარლამენტარმა ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა.

გუგული მაღრაძემ დღეს ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ ჭარბწონიანობის პრობლემის წინააღმდეგ რეგულაციებში სიამოვნებით ჩაერთვებოდა და განმარტა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ერთ-ერთი გზა ტკბილეულობაზე ფასის სახელმწიფო რეგულირებაა. ნეტგაზეთმა დეპუტატს ჰკითხა, თუ როგორ წარმოუდგენია მას სახელმწიფოს მიერ ჭარწონიანობის პრობლემის აღმოფხვრა.

“ეს საკმაოდ რთული პროცესია, მთელი მსოფლიო ებრძვის ჭარბწონიანობას. ეს არ არის ადვილი, ამას სჭირდება საინფორმაციო კამპანია, ამას სჭირდება ბავშვებისთვის კვების ობიექტებში გარკვეული შეზღუდვების დაწესება. რეგულაცია მოიცავს იმასაც,  რომ პროდუქტებზე ზუსტად იყოს აღნიშნული, რამდენია შაქარი, მარილი და ა.შ.” – განმარტავს მაღრაძე.

მისივე თქმით, ტკბილეულობისა და შაქრის მაღალი დოზით მიღება არა მხოლოდ ჭარბწონიანობას, არამედ “გარკვეულ გადაგვარებასა” და პანკრეასის გაცხიმოვნებას იწვევს, თუმცა აქვე დასძენს, რომ ამის შესახებ უკეთ ექიმებს შეუძლიათ საუბარი.

ნეტგაზეთმა მაღრაძეს ასევე ჰკითხა, თუ რას გულისხმობდა, როცა განაცხადა, რომ ჭარბწონიანობასთან ბრძოლაში, შესაძლოა, ტკბილეულის ფასის კონრტოლი გახდეს აუცილებელი.

“ძალიან ძნელია წინასწარ თქვა, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ვთქვათ, სიგარეტზეც არის აქციზი… ეს არის კომპლექსური საკითხი, ამას სჭირდება სერიოზული დაგეგმვა,” – აღნიშნავს მაღრაძე.

მისივე თქმით,  ჭარბწონიანობის წინააღმდეგ რეგულაციებზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელთან, ამირან გამყრელიძესთან სურს საუბარი.

“ჩვენ ერთად ვიმუშავეთ თამბაქოსთან დაკავშირებით, საკმაოდ წარმატებული გამოდგა ეს საქმიანობა და, ვფიქრობ, ამ მხრივ ჩავერთვები როგორც განათლების კომიტეტის წარმომადგენელი. ასევე, ჩაერთვება ჯანდაცვის კომიტეტიც. ერთად დავსხვდებით და მოვიფიქრებთ, რა შეიძლება გაკეთდეს. ჩვენ ვგეგმავთ კონსტულტაციებს სხვადასხვა სამედიცინო ექსპერტთანაც,” –  უთხრა გუგული მაღრაძემ ნეტგაზეთს.

როგორც პარლამენტარი აღნიშნავს, აღნიშნულ იდეაზე დიდი ხანია ფიქრობს, თუმცა, მისივე თქმით, ჭარბწონიანობასთან ბრძოლისთვის, შესაძლოა, კანონპროექტი არ გახდეს საჭირო და საკითხი მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე გადაწყდეს.

გუგული მაღრაძე: სიამოვნებით ჩავერთვები რეგულაციებში ჭარბწონიანობის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი