30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია სოფო კილაძის გადადგომას ითხოვს

30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ თანამდებობა დატოვოს. ამის შესხებ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია ნათქვამი. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველოს პარლამენტმა  გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის დამკვიდრებაში. ამას საკანონმდებლო ორგანოში, NGO-ების განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტი უზრუნველყოფს.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სოფო კილაძის გამონათქვამებმა თუ ინიციატივებმა გამოხატვის, უმცირესობების და სხვა უფლებებთან დაკავშირებით არაერთხელ გამოიწვია საზოგადოების ცალკეული ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი.

“კრიტიკას ვერ უძლებს მის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ინიციატივებთან დაკავშირებით და საჯარო დისკუსიებისას მის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია. მისი დამოკიდებულება მოწყვლადი ჯგუფების მიმართ შეუსაბამოა საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებულ პოლიტიკასთან, ზოგ შემთხვევაში ეწინააღმდეგება მას, ატარებს დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული ჯგუფების ჩაგვრის გამართლებისკენ. მთლიანობაში, კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობა და საჯარო განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ მისი პირადი დამოკიდებულება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან სრულიად შეუსაბამოა მის ამჟამინდელ თანამდებობასთან,”-წერია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციების შეფასებით,  კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა  უნდა დატოვოს და კომიტეტის თავმჯდომარედ შეირჩეს პირი, რომელსაც აქვს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე მართებული ხედვა.

განცხადებაზე ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
  2. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  3. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  4. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF);
  5. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
  6. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  7. მწვანე ალტერნატივა;
  8. საზოგადოება და ბანკები;
  9. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
  10. ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  11. საფარი;
  12. ქალთა მოძრაობა;
  13. მედიის განვითარების ფონდი (MDF);
  14. საქართველოს გაეროს ასოციაცია;
  15. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი;
  16. კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
  17. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT);
  18. ქალთა ფონდი საქართველოში;
  19. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
  20. ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RICG);
  21. თანასწორობის მოძრაობა;
  22. ქალები საერთო მომავლისთვის-საქართველო;
  23. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);
  24. თემიდა;
  25. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები;
  26. იდენტობა;
  27. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი;
  28. სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი;
  29. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.