ახალი ამბები

ეს კომიტეტი პირველ რიგში ყველაზე დაჩაგრულ ადამიანებს უნდა იცავდეს – ცქიტიშვილი

1 მაისი, 2018 • 1970
ეს კომიტეტი პირველ რიგში ყველაზე დაჩაგრულ ადამიანებს უნდა იცავდეს – ცქიტიშვილი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ჰომოფობიის პრობლემა არსებობს. მან თავის კოლეგებს, კომიტეტის დანარჩენ წევრებს მიმართა, რომ ამ პრობლემას თვალი გაუსწორონ.

“მინდა პატარა კომენტარი გავაკეთო იმაზე, რაც დღეს მოხდა და პირველ რიგში ჩემს კოლეგებს მოვუწოდო, რომ ასეთ საკითხებს ძალიან მშვიდად უნდა შევხვდეთ იმიტომ, რომ ეს არის ჯგუფი, რომელიც თავისი მდგომარეობით ძალიან მარგინალიზებულია და ძალიან ბევრი ტრაგედია დგას თითოეულის ცხოვრების უკან. შესაბამისად, მათი ემოცია და ეპატაჟი, რომელიც გამომდინარეობს არა დალხენილი ცხოვრებიდან, არამედ იმ უფლებრივი შეზღუდვებიდან, რომელიც თუნდაც ამ ანგარიშშია მოცემული [სახალხო დამცველის წლიური ანგარიში], ამას აქვს ძალიან მწვავე გამოხატულება მათი მხრიდან. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ამას მშვიდად შევეგუოთ, დავინახოთ ეს პრობლემა და გავუსწოროთ თვალი .

მე მესმის, რომ ეპატაჟის გამო დაიკარგა კორექტულობის და საპარლამენტო ნორმა, მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, რომელიც მოწოდებული უნდა იყოს, რომ პირველ რიგში ყველაზე დაჩაგრული და მარგინალიზებული ადამიანები დაიცვას”,- განაცხადა ცქიტიშვილმა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

“თანასწორობის მოძრაობის” წევრები პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შევიდნენ, სადაც ლგბტ პირთა უფლებების დასაცავად ბანერები გაშალეს. მათ კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძეს ჰკითხეს, რატომ არ აპირებს კომიტეტი 17 მაისის, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, რისი ვალდებულებაც სამოქმედო გეგმით აღებული აქვს.

კომიტეტის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, ვინაიდან სხდომაზე მყოფნი ერთმანეთს სიტყვიერად მწვავედ დაუპირისპირდნენ. სოფო კილაძემ მომხდარს მის წინააღმდეგ მართული პროცესები უწოდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვინ მართავს ამ პროცესებს. სოფო კილაძეს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ანა სუბელიანმა უპასუხა და თქვა, რომ კილაძეს აქცენტები სხვა მიმართულებით გადააქვს.

სანამ “თანასწორობის მოძრაობა” პარლამენტში შევიდოდა, მათ დღეს, 1 მაისს, დილით, პარლამენტის შესასვლელთან კილაძის წინააღმდეგ აქციაც გამართეს. კონტრაქციის მონაწილეებმა მათ კვერცხები დაუშინეს, რის შემდეგაც სამი პირი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი