ახალი ამბები

“ქართულმა მარშმა” მთავრობის ადმინისტრაციასთან “სასიკვდილო” შიმშილობა დაიწყო

1 მაისი, 2018 • 5035
“ქართულმა მარშმა” მთავრობის ადმინისტრაციასთან “სასიკვდილო” შიმშილობა დაიწყო

დღეს, 1 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციასთან ე.წ. ქართულმა მარშმა მათი მოძრაობის დაკავებული წევრების გათავისუფლების მოთხოვნით უვადო სასიკვდილო შიმშილობა დაიწყო. სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ისინი ირლანდიელი პატრიოტების ანალოგიურად იშიმშილებენ.

“რამდენიმე ათეული ქართველი და არაქართველი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ვიწყებთ შიმშლობის აქციას და ვეუბნებით ხელისუფლებას: გამოუშვით პოლიტიკური პატიმრები! პოლიტიკური პატრიმრების ადგილი არ შეიძლება იყოს ციხეში 21-ე საუკუნეში. ეს არის საშინელება, ეს არის მარაზმი, ეს არის ანომალია,” – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ დღევანდელ აქციაზე.

შიმშილობას იწყებენ დაკავებულების დედები და ახლობლებიც.

საპროტესტო აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ “პატრიოტთა ალიანსის” და “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერებიც. “პატრიოტები” მზად არიან დაკავებულებს თავდებში ჩაუდგნენ. ადა მარშანიამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ შიმშილობას ახლა არ უერთდებიან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში პირველები დადგებიან ბრძოლის ველზე.

გასულ წელს, ე.წ. ქართული მარში მაჰათმა განდის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სასიკვდილო შიმშილობას გეგმავდა, თუმცა, როგორც მოძრაობის ლიდერმა მოგვიანებით განმარტა, ეს დიეტას უფრო ჰგავდა.

სიახლეები ე.წ. ქართულ მარშზე

19 მარტს, ე.წ. ქართული მარშის წევრებმა რუსთავი 2-თან ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ აქცია გამართეს და მისგან ბოდიში მოითხოვეს გადაცემაში ნათქვამი მოსაზრებების გამო. აქციის დროს სცემეს ტელეარხის ჟურნალისტი დავით ერაძე და დააზიანეს ავტომობილი. მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლებრივი, ისე – ადმინისტრაციული საქმეების გამოძიება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 მარტს ექვსივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების თანახმად, ირაკლი დოლენჯაშვილს, ლადო სადღობელაშვილს, ლუკა ნაცვლიშვილს, მიხეილ აამისულაშვილს, გიორგი ონიანსს და ბექა რევაზიშვილს ბრალად ედებათ ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. გიორგი ონიანს ასევე ბრალად ედება ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე, ლუკა ნაცვლიშვილსს გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი