ახალი ამბები

“ქართული მარშის” დაკავებული აქტივისტების მშობლებმა “ქართული ოცნების” ოფისთან აქცია გამართეს

1 მაისი, 2018 • 3605
“ქართული მარშის” დაკავებული აქტივისტების მშობლებმა “ქართული ოცნების” ოფისთან აქცია გამართეს

“ქართული მარშის” დაკავებული აქტივისტების მშობლებმა “ქართული ოცნების” ოფისთან აქცია გამართეს.

ისინი დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ ყველა მათგანი პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული.

დაკავებული ირაკლი დოლენჯაშვილის დედის, მაია კუსიანი-მაჩაბლის თქმით, მმართველი პარტიის მხარდამჭერია და არ სურს, ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით აკავებდნენ.

“მე პირადად “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ვარ და ვერ დავუშვებ იმას, რომ ჩემს რჩეულ ხელისუფლებას ჰყავდეს პოლიტპატიმრები. ძლივს შეიცვალა ის ანტიეროვნული რეჟიმი, რომლის მაესტრო ბრძანდება დიდი ქართველი ბიძინა ივანიშვილი. მე მჯერა საკუთარი არჩევანის. ჩვენი შვილები უსამართლოდ დატუსაღდნენ და ბოდიში მოახდევინეს “რუსთავი2″-ს იმ მზაკვრობის გამო, სწორედ მას შემდეგ მოხდა საქმის კრიმინალიზება. აქ შეიძლებოდა ყოფილიყო ადმინისტრაციული სასჯელი, ვიღაცამ შეიძლება შეიგინა ან რაიმე მსგავსი, თუმცა იქ არავინ დაზარალებულა და არ ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული”, – აცხადებს ის.

“ქართული მარშის” აქტივისტების მშობლები 15:00-ზე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბებიან, სადაც დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობას დაიწყებენ.

“ქართული მარშის” წევრებმა 19 მარტს რუსთავი 2-თან ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ აქცია გამართეს და მისგან ბოდიში მოითხოვეს გადაცემაში ნათქვამი მოსაზრებების გამო. აქციის დროს ცემეს ტელეარხის ჟურნალისტი დავით ერაძე და დააზიანეს ავტომობილი. მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლებრივი, ისე – ადმინისტრაციული საქმეების გამოძიება.

ირაკლი დოლენჯაშვილს, ლადო სადღობელაშვილს, ლუკა ნაცვლიშვილს, მიხეილ ამისულაშვილს, გიორგი ონიანს და ბექა რევაზიშვილს ბრალად ედებათ ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. გიორგი ონიანს ასევე ბრალად ედება ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე, ლუკა ნაცვლიშვილსს გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი