ახალი ამბები

პრემიერი – სამწუხაროდ, “ქართული ოცნება”, როგორც ინსტიტუცია, დღემდე ვერ ჩამოყალიბდა

1 მაისი, 2018 • 2025
პრემიერი – სამწუხაროდ, “ქართული ოცნება”, როგორც ინსტიტუცია, დღემდე ვერ ჩამოყალიბდა

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება”, როგორც ინსტიტუცია, ვერ ჩამოყალიბდა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობის პირობებში მმართველი პარტია უფრო გაძლიერდება.

“ძალიან კარგია პარტიისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარე ხდება. ეს ხელს შეუწყობს პარტიის გაძლიერებას. სამწუხაროდ, დღემდე თვითონ პარტია, როგორც ინსტიტუცია, “ქართული ოცნება” ვერ ჩამოყალიბდა, გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ვერ მოემზადა. ძალიან კარგია, რომ პარტია გაძლიერდება და უკვე არჩევნებიდან არჩევნებამდე მთლიანად ამ ციკლის განმავლობაში კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებს. ეს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ  2024 წლითვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკვე განვითარებული პარტიების სისტემით, რაც საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. სამომავლო პერსპექტივა პარტიის გაძლიერება იქნება,”-აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

დღეს, პირველ მაისს, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაა დაგეგმილი. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების შესახებ 26 აპრილს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ის თანახმაა,  პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გახდეს. ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი და, შესაბამისად, ოფიციალური პოლიტიკური საქმიანობა 2013 წელს დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი