PSP მომხმარებელს თურქეთიდან მედიკამენტების ჩამოტანის სერვისს სთავაზობს

PSP მომხმარებელს თურქეთიდან მედიკამენტების ჩამოტანის სერვისს სთავაზობს. ამის შესახებ კომპანიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ცოტა ხნის წინ მედიების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე ცალკეული მედიკამენტების ფასი საქართველოს სააფთიაქო ქსელებში არსებული ფასებისგან განსხვავებულია. როგორც პსპ-ს განცხადებაშია აღნიშნული, ეს დანამდვილებით ასეა.

“გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი გაცილებით დიდია, ვიდრე საქართველოსი, ბევრი დასავლური მწარმოებელი თურქეთში სპეციალური ლიცენზიით  მედიკამენტებს ამზადებს, რაც ფასების ოპტიმიზაციას უწყობს ხელს. ამ ლიცენზიით მედიკამენტების გაცემა მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზეა შესაძლებელი, რომლის ექსპორტზე გატანა არაა ნებადართული. სამწუხაროდ, თურქეთიდან ამ მედიკამენტების შემოტანის და სააფთიაქო ქსელში განთავსების შესაძლებლობა არ არის.

იმ ონკოლოგიური და სხვა ძვირადღირებული მედიკამენტებისთვის, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე სპეციალური ლიცენზიით იწარმოება და დაბალ ფასად იყიდება, PSP მთელს მოსახლეობას უკვე რამდენიმე წელია მედიკამენტების ჩამოტანის სერვისს სთავაზობს.

მოსახლეობას საშუალება ეძლევა, აღნიშნული სპეციალური დანიშნულების ონკოლოგიური და სხვა ძვირადღირებული პრეპარატების ჩამოტანის სერვისით ისარგებლოს და მედიკამენტები ინდივიდუალური მოხმარებისათვის ყოველგვარი ფასნამატის გარეშე მიიღოს.

მომხმარებელმა სპეციალურ ნომრებზე 595 800 814 ან 551 93 44 55 უნდა დარეკოს და ფორმა 100-ის საფუძველზე მედიკამენტი შეუკვეთოს,” – წერია განცხადებაში. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი