ახალი ამბები

ღარიბაშვილი ადასტურებს, რომ 26 მაისის მიტინგის დაშლის დროს ჭიკაიძე შსს-ში მუშაობდა

19 ნოემბერი, 2013 • • 1030
ღარიბაშვილი ადასტურებს, რომ 26 მაისის მიტინგის დაშლის დროს ჭიკაიძე შსს-ში მუშაობდა

“ლექსო მუშაობდა სამინისტროში და მრავალი წელია მუშაობს, ის ასრულებდა თავის მოვალეობას 26 მაისს, აქ დაფარული არაფერი არ არის, ის არ იყო დამარბეველი, ის ასრულებდა თავის მოვალეობას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ღარიბაშვილის თქმით, მან ვერ გაიგო შეკითხვის არსი, რადგან, მისი თქმით, თუკი უმცირესობა მიანიშნებს, რომ ჭიკაიძე მონაწილეობდა “მიტინგის დარბევაში”, ეს ბრალდებაა.

 

“და თუ იმის თქმა გსურთ, რომ რუსთაველის გამზირზე იყო ლექსო, ეს სხვა კითხვაა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ღარიბაშვილის თქმით, გამოძიებას შეკითხვები აქვს ვანო მერაბიშვილთან, რომელმაც, მისი თქმით, გასცა აქციის დაშლის ბრძანება და არა კონკრეტულ პოლიციელებთან, რომლებიც ბრძანებას ასრულებდნენ.

 

“მე გიდასტურებთ, რომ ის [ჭიკაიძე] მუშაობდა იმ დღეს პოლიციაში, 26-შიც და 27-შიც”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილმა გასცა ბრძანება აქციის დაშლის და გამოძიება გაარკვევს მისი ბრალეულობის საკითხს.

 

დეპუტატებმა ამ კითხვაზე პასუხი ალექსანდრე ჭიკაიძისგანაც მოითხოვეს, რაზეც მან განაცხადა, რომ ღარიბაშვილმა უკვე გასცა ამ კითხვას პასუხი.

 

დეპუტატებმა ჭიკაიძეს ასევე კითხეს, იღებდა თუ არა პოლიტიკურ დაკვეთებსა და უკანონო ბრძანებებს წინა ხელისუფლების დროს მინისტრისგან, რაზეც ჭიკაიძემ განაცხადა, რომ მას უკანონო ბრძანებები არ შეუსრულებია.

 

ალექსანდრე ჭიკაიძე 2010-11 წლებში მუშაობდა შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლად, ხოლო 2011-12 წლებში – ამავე სამმართველოს პოლიციის განყოფილების უფროსად. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წლიდან დაინიშნა კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად, შემდეგ დაწინაურდა შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, ხოლო რამდენიმე დღის წინ ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა შს მინისტრობის კანდიდატად.

მასალების გადაბეჭდვის წესი