ახალი ამბები

პარლამენტთან “თანასწორობის მოძრაობის” აქციას კვერცხები დაუშინეს (ვიდეო)

1 მაისი, 2018 • 3592
პარლამენტთან “თანასწორობის მოძრაობის” აქციას კვერცხები დაუშინეს (ვიდეო)

თბილისში, პარლამენტის შენობის უკანა მხარეს, სადაც “თანასწორობის მოძრაობის” აქცია იმართება, აქციის მონაწილეებს კვერცხები დაუშინეს. პოლიციამ ადგილიდან წაიყვანა კონტრაქციის მონაწილე გურამ ფალავანდიშვილი.


ტროტუარის ერთ მხარეს თანასწორობის მოძრაობის წევრები და აქტივისტები იყვნენ შეკრებილი, ხოლო მეორე, პარლამენტის მხარეს გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეები, რომლებიც თანასწორობის მოძრაობის აქციას აპროტესტებენ.

“თანასწორობის მოძრაობის” აქციას პარლამენტთან კვერცხები დაუშინეს. 1 მაისი, 2018. ფოტო: ელენე ხაჭაპურიძე / ნეტგაზეთი

ტროტუარის ორივე ნაწილზე პოლიციაა გამაგრებული. თანასწორობის მოძრაობის წევრებს აქციის გამართვა პარლამენტის შენობასთან უფრო ახლოს სურდათ. ტროტუარის იმ ნაწილზე, სადაც ახლა ფალავანდიშვილი და მისი მომხრეები არინ მობილიზებული, პოლიცია მეორე მხარეს გადასვლის საშუალებას არ აძლევთ.

“თანასწორობის მოძრაობის” აქცია პარლამენტთან. თბილისი, 1 მაისი, 2018. ფოტო: ელენე ხაჭაპურიძე / ნეტგაზეთი

თანასწორობის მოძრაობა პარლამენტარ სოფო კილაძის პოზიციას აპროტესტებს. გუშინ, 30 აპრილს, ჟურნალ ლიბერალთან საუბარში კილაძემ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი არ აპირებს 17 მაისის, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, რისი ვალდებულებაც სამოქმედო გეგმით აღებული აქვს.

თანასწორობის მოზრაობა მოითხოვს, სოფიო კილაძემ დატოვოს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი