ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ნებისმიერი ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის მცირე ნაწილზე ნაწილდება

19 ნოემბერი, 2013 • • 1107
კვირიკაშვილი: ნებისმიერი ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის მცირე ნაწილზე ნაწილდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა:

 

გიორგი კვირიკაშვილი, შალვა ფიფია, ნოდარ ხადური, კახა კალაძე
გიორგი კვირიკაშვილი, შალვა ფიფია, ნოდარ ხადური, კახა კალაძე

“ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით. ესაა საინვესტიციო და ბიზნესგარემო, ეს არის საგარეო ვაჭრობა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები. როგორც იცით, შემუშავდა კონკურენციის შესახებ კანონის ახალი ვერსია, რომელიც წლის ბოლოდან სავარაუდოდ განიხილება პარლამენტში და მომავალ წელს სააგენტო დაიწყებს უკვე მუშაობას ცალკე არსებული ინსტიტუტის სახით. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ გაციფრულების პროექტზე, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ 2015 წლის შუა პერიოდისთვის უნდა მოვახდინოთ გაციფრულება და ამაზე ინტენსიურად ვმუშაობთ, ასევე ვმუშაობთ სივრცითი დაგეგმარების ახალ სამშენებლო პოლიტიკაზე, რომელიც ბევრ საკითხს მოაწესრიგებს. სამეწარმეო და საინვესტიციო გარემო გაუმჯობესდა.”

 

მისივე მოსაზრებით, საქართველოს ეკონომიკას ინკლუზიურობის პრობლემა აქვს:

 

“ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის დასკვნის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკას აქვს ინკლუზიურობის პრობლემა, ანუ ჩართულობის პრობლემა, ეს ყველაზე დიდი პრობლემაა დღეს ჩვენთვის, რომ ნებისმიერი ზრდა, რომელიც შეიძლება მოხდეს ეკონომიკაში, ნაწილდება მხოლოდ და მხოლოდ ძალიან ვიწრო ფენაზე მოსახლეობის, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნომერ პირველი პრიორიტეტი ქვეყანაში დღეს არის მეწარმეობის განვითარება და დამწყები ბიზნესის დაფინანსების ინსტიტუციონალური მექანიზმების შექმნა.”

 

კახი კალაძის თქმით, ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი მიმართულება ქვეყნის  ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკდებლობის ხარისხის ამაღლება, ასევე იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება იქნება, რაც, კალაძის თქმით, ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისების, მოწოდების, წყაროების და მარშუტების დივერსიფიკაციის გზითაა შესაძლებელი:

 

“მთავრობა იმუშავებს ისეთი პრიორიტეტული მიმართულებით, როგორიცაა ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების რაციონალური გამოყენება, რომელიც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეტაპობრივად ჩაანაცვლებს იმპორტს და გაზრდის ექსპორტის პოტენციალს. ამასთან, უზრუნველყოფს ენერგეტიკული სექტორის მზადყოფნას ეკონომიკის ენერგოტევადი დარგების განვითარების შემთხვევაშიც.”

 

სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს კითხვებს დაუსვამენ.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ ეკონომიკური ჯგუფისგან ადეკვატურ პასუხებს ვერ იღებენ:

 

„ეკონომიკურ გუნდთან ძალიან ბევრი პრობლემებია, ძალიან ბევრი კითხვებია. ეს არის პირველი წელი, როდესაც არ იზრდება პენსია, არ იზრდება პოლიციელების ხელფასი, როდესაც არ იზრდება ჯარისკაცების ხელფასი, მასწავლებლების ხელფასი, გარდა ამისა ხვნა-თესვის მიმართულებით ბიუჯეტში არ არის და ამ მიმართულებით არის კითხვები, რეგიონალური განვითარების ფონდში 400 მილიონიანი კლებაა, საერთოდ ეკონომიკის ზრდის ტემპი ვარდება და ამ მიმართულებით გვაქვს კითხვები და ამ კითხვებზე პასუხები ჯერ-ჯერობით არ არის. ფინანსთა მინსიტრს არ აქვს ადეკვატური პასუხები.“

მასალების გადაბეჭდვის წესი