ახალი ამბები

ბორჯომის ხეობაში რამდენიმე საათია ხანძარს ებრძვიან

1 მაისი, 2018 • 2438
ბორჯომის ხეობაში რამდენიმე საათია ხანძარს ებრძვიან

ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეში, რამდენიმე საათია ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ე.წ. ხრამითხევში გაჩნდა და მისი ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძარს ამ წუთებში 40 მეხანძრე ებრძვის, რომელსაც მალე ერთი ამდენი ცოცხალი ძალა უნდა დაემატოს.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი და რა ფართობზეა გავრცელებული. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ნეტგაზეთს განუცხადეს, ამ წუთებში [01:30] რამდენიმე ხანძრის კერა არსებობს, რომლის ჩაქრობასაც ცოცხალი ძალით ცდილობენ, რადგან ხანძარი ტექნიკისთვის მიუვალ ადგილებში გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტები. შესაბამისად, მათი ცნობით, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ექმურება.

ჩაერთვება თუ არა ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი, თუ დილამდე ვერ მოხერხდება ლოკალიზება, არ ვიცით. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს, რომ ვერტმფრენის ჩართვის საჭიროებაზე ჯერჯერობით არ ყოფილა საუბარი.

იმის გამო, რომ ცოცხალი ძალით მთელი ღამის განმავლობაში აპირებენ ხანძრის კერებთან ბრძოლას, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ფიქრობენ, რომ სიტუაცია ისე არ გართულდება, როგორც გასული წლის ზაფხულში.

20 აგვისტოს, დაახლოებთ 14:30 საათზე, სოფელ დაბაში, მთის ერთ ფერდობზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც მალევე დიდ ფართობზე გავრცელდა, რამდენიმე დღეში ცეცხლის კერები წაღვერის ტყეშიც გაჩნდა. საგანგებოდ შექმნილი შტაბის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ბორჯომის ხეობაში 100 ჰექტარზე მეტი ტერიტორია იყოს დამწვარი.

ხანძრის ჩაქრობას ათასობით ადამიანი ცდილობდა, მათ შორის: მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები, შსს-ს სპეციალური დანაყოფები, ჯარისკაცები და მოხალისეები. ვერტმფრენებით, სპეცტექნიკითა და ცოცხალი ძალით. საქართველოს სტიქიასთან ბრძოლაში თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელარუსიც დაეხმარა.

ხანძარი ბორჯომის ხეობაში, 22 აგვისტოს ღამე. ბორჯომი, საქართველო. 22 აგვისტო, 2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი