ახალი ამბები

რამდენად ვეხმარებით ბავშვებს, რომ გისოსებს მიღმა არ აღმოჩნდნენ?

30 აპრილი, 2018 • 3254
რამდენად ვეხმარებით ბავშვებს, რომ გისოსებს მიღმა არ აღმოჩნდნენ?

ბოლო წლებში, სავარაუდოდ, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი ქურდობის არაერთი შემთხვევა გახდა ცნობილი, მათ შორის, ისეთი მსხვილი ბრენდების მაღაზიები, როგორიც “მეგატექნიკაა”, უკვე სამჯერ გაქურდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ქურდობიდან ორ თვეზე მეტია გასული, “მეგატექნიკაში” გამოძიების შედგეები ამ დრომდე არ იციან, შესაბამისად, მედიაციაციასთან დაკავშირებითაც მათთვის არავის მიუმართავს.

ქურდობა მეგატექნიკის კამერამ დააფიქსირა

საქართველოს დეკლარირებული აქვს, რომ არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულზე რეპრესულად არ რეაგირებს, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად საკმარისია ის, რასაც სახელმწიფო კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების დასახმარებლად აკეთებს?

“ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ ვთქვათ, ჩვენთან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება თავის საქმეს აკეთებს” – გვეუბნება GCRT-ის ფსიქოლოგი მაია ცირამუა. პრობლემების არსებობას არც ის საჯარო უწყებები უარყოფენ, რომელთაც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან აქვთ შეხება.

“კანონი და მართლმსაჯულების სისტემა არის პასუხი უკვე ჩადებილ ქმედებაზე. პრევენცია – ეს არის ადრეული ჩარევა და აქ წამყვანი როლი აქვს განათლების სექტორს, ახალგაზრდობის, სპორტის სექტორებს და ა.შ.”- გვეუბნება UNICEF-ის წარმომადგენელი თეონა კუჭავა.

რა შეიცვალა არასრულწლოვნების მართლმსაჯულებაში?

ორ წელიწადზე მეტია, საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს, რომელიც, 14-21 წლამდე ადამიანებზე ვრცელდება და სადაც განრიდებასა და მედიაციას წამყვანი როლი აკისრიათ.

აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიებები კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვს უნდა დაეხმაროს, რომ გაიაზროს ჩადენილი და დაზარალებულს მიყენებული ზიანის გამოსწორებაში დაეხმაროს.

სწორედ ამ ცვლილებებმა განაპირობა, რომ სისხლისსამართლებრვი პასუხისმგებლობიდან განრიდებული არასრულწლოვნების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.

“განრიდება პასუხისმგელობისგან გათავისუფლება არ არის”

განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსი ლადო ჯავახიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ არასწორია შეხედულება, თითქოს განრიდებული არასრულწლოვანი პასუხსმგებლობისგან სრულად თავისუფლდება,

“განრიდება არის პასუხისმგებლობის ალტერნატიული  ფორმა, მაგრამ არა სასჯელის გამოყენებით, არამედ პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმებით,” – ამბობს ჯავახიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

პროკურატურის ცნობით, 2010-2016 წლებში, ჯამში, 1500 განრიდებულიდან განმეორებითი დანაშაული მხოლოდ 9%-მა ჩაიდინა, რაც არაერთი მხარის შეფასებით, დაბალი მაჩვენებელია.

როდესაც პროკურორი არასრულწლოვნის განრიდების გადაწყვეტილებას იღებს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკი ქმნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომელიც მოიცავს ბავშვის ბიოფსიქოსოციალურ შეფასებას, მისი ოჯახის შეფასებასაც. სწორედ ამ ანგარიშის საფუძველზე, პროკურორი, სოციალური მუშაკი და მედიატორი, განრიდების პირობებს არჩევს, რომელიც სერვისებისა და ვალდებულებებისგან შედგება.

თუკი საქმე მედიაციით არის, იმართება მედიაციის კოფერენციაც, რა დროსაც სხვადასხვა მხარების, მათ შორის, თავად დაზარალებულისა და ბრალდებულის ჩართულობით, ზიანის გამოსწორებაზე მსჯელობენ და არასრულწლოვანს ეხმარებიან, რომ ჩადენილი დანაშაული გაიაზროს.

ლადო ჯავახიშვილი ნეტგაზეთთან წარმატებული მედიაციის მაგალითს იხსენებს:

“ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა დისტრუბუციის მანქანდან მძღოლის ტელეფონი მოიპარა. აღმოჩნდა, რომ ამ ტელეფონში იყო ამ მძღოლის გარდაცვლილი შვილის სურათები, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბავშვს შეეშინდა, მერე გადააგდო ეს ტელეფონი. რეალურად, აღმოჩნდა, რომ დაიკარგა ეს ფოტოები. ტელეფონის ფინანსური ღირებულება ნაკლები იყო, უფრო მეტად,ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ჰქონდა დისტრიბუციის მანქანის მძღოლს და ეს იყო მისთვის ძალიან დიდი სტრესი, მისი შვილის მეგობრების ნომრები ეწერა ამ ტელეფონში, რომლებსაც ვერ პოულობდა.

არასრულწლოვანმა ეს მედიაციის კონფერენციის დროს გაიგო და ყველა მხარე ერთად ტიროდა. ეს არის მედიაციის ერთ-ერთი დანიშნულება, იქ მხარეები საუბრობენ თავიანთ ემოციებზე და მხოლოდ ფორმალურად არ იხილავენ საქმეს. შემდეგ, ბავშვმა თვითონ გამოთქვა მედიაციის დროს სურვილი, რომ მე მინდა დავეხმარო და ამით გამოვისყიდო ჩემი დანაშაული მის მიმართო. რაღაც პერიოდის განმავლობაში დაჰყვებოდა, ეხმარებოდა მცირე საქმეებში, მასთან ერთად ატარებდა გარკვეულ დროს. ეს არის მედიაციის შედეგი.”

თუმცა ყველა საქმე წარმატებული მედიაციით არ მთავრდება. მაგალითად, 2017 წელს საქმეების 39% წარუმატებელი მედიაციით დასრულდა, რისი ყველაზე ხშირი მიზეზი იყო ის გარემოება, რომ თავად დაზარალებულები ამბობდნენ უარს მედიაციაზე.

სად იწყება პრობლემები?

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს წარმატებული მაგალითები და გასულ წლებში განრიდებული ბავშვების მიერ დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელიც დაბალია, ნეტგაზეთთან საუბრობენ პრობლემების შესახებ, რაც პროგრამის განხორიციელებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

“კანონი ძალიან კარგი ნაბიჯი იყო, მაგრამ მაქვს განცდა, რომ სახლის მშენებლობა დავიწყეთ მესამე სართულიდან ისე, რომ საძირკველი არ ჩაგვიყრია. ანუ მივიღეთ კანონი და არ იყო მზად სერვისები, არ იყო მზად სხვადსხვა უწყებების კოორდინირებული მოქმედება, თუმცა გვიანი არასდროს არის,” – გვეუბნება ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

სერვისები არასრულწლოვნის საჭიროებებს უნდა მოერგოს და არა - პირიქით

“სერვისები უნდა იყოს მრავალფეროვანი და, რაც მთავარია, საჭიროებებზე მორგებული” – ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელი თეონა კუჭავა. მისივე თქმით, არ შეიძლება, ბავშვი გაიგზავნოს სერვისში იმის გამო, რომ რაღაც სერვისსა და პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.

მაია ცირამუას ბავშვისთვის შეთავაზებული სერვისების სიმწირე ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად მიაჩნია.

იგი ამბობს, რომ თუკი ბავშვს  ემოციების რეგულაციის პრობლემა აქვს, ამ სერვისს მათ ორგანიზაციაში მიიღებს, თუმცა, ამის გარდა, შეიძლება უამრავი სხვა პრობლემა ჰქონდეს კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვს –  სოციალური პრობლემები, ოჯახს ესაჭიროებოდეს გაძლეირება და საჭირო იყოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩართულობა, არაფორმალური განათლება, კულტურული ან სპოტრული აქტივობა – ამ მიმართულებით კი მომსახურეობების დიდი სიმწირეა.

“ფაქტობრივად, სისტემას უწევს, ბავშვი მოარგოს არსებულ მწირ სერვისებს და არა ის, რომ სერვისები მოარგოს ბავშვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუ ეს ხარვეზი არ გამოსწორდება, ჩვენ, ალბათ, გვექნება განმეორებითი დანაშაულის შემთხვევები,” – გვეუბნება ცირამუა.

რა სერვისები არსებობს?

პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებისთვის სააგენტოს 11 სარეაბილიტაციო პროგრამა აქვს, რომელიც  შემდეგ სავალდებულო მიმართულებებს შეიცავს:

  1. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია (სავალდებულო კომპონენტი)
  2. დამოკიდებულებების დაძლევა (სავალდებულო კომპონენტი)
  3. პროსოციალური ქცევის ფორმირება (სავალდებულოკომპონენტი).

მათივე განცხადებით, სააგენტოში არსებობს ნებაყოფლობითი პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულია არასრულწლოვანთა განათლებასა და გაჯანსაღებაზე. თითოეული მიმართულება რამდენიმე პროგრამას მოიცავს.

განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსი ლადო ჯავახიშვილი გვეუბნება, რომ . იუსტიციის სამინისტროს აქვს საგრანტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სერვისების მომწოდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებენ, თუმცა ეს თანხები დიდი არ არის და 10, 15, 20 ათასი ლარის მოცულობის პროექტებია.

სერვისები საკმარისი არ არის

“სერვისების გარეშე რომ დარჩენილიყოს არასრულწლოვანი, ასეთი შემთხვევა არასდროს ყოფილა, თუმცა, სერვისებში იდეალური მდგომარეობა რომ არ არის, ეს, რა თქმა უნდა, ნათელია და ამას ყველა ვაღიარებთ”- გვეუბნება ლადო ჯავახიშვილი.

მისივე თქმით, სერვისები საკმარისი არ არის იმიტომ, რომ საქართველოს მასშტაბით  სერვისების მხრივ თანაბარი მდგომარეობა არ არის. მისივე თქმით, თბილისში ნორმალური მდგომარეობაა, რადგანაც სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან მრავალფეროვანი სერვისია შემოთავაზებული, რეგიონებში კი ასე არ არის.

სერვისების ხარისხი

ლადო ჯავახიშვილის თქმით, რეგიონებში არის ქალაქები, სადაც მცირე რაოდენობით სერვისები არის შემოთავაზებული, ხანდახან ისინი ხარისხს ვერ აკმაყოფილებენ.

“ამას ემსახურება და ეხმარება ჩვენი საგრანტო პროგრამაც, თუმცა ეს საგრანტო პროგრამა სიტუაციას ბევრად ვერ გამოასწორებს იმიტომ, რომ აქ დიდ თანხებზე არ არის საუბარი,”- გვეუბნება ჯავახიშვილი.

UNICEF-ის წარმომადგენელი თეონა კუჭავაც ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ის პროგრამები და ორგანიზაციები, ვინც პროგრამებს ახორციელებენ, გარკვეულ სტანდარტს აკმაყოფილებენ. მისივე თქმით, უნდა მოწმდებოდეს ამ სერვისების ეფექტანობა და ისიც, თუ რა გავლენა იქონია პროგრამამ კონკრეტულ ბენეფიციარზე.

ოჯახის ჩართულობის პრობლემა

როგორც განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლები ნეტგაზეთს ეუბნებიან, რომ არსებობს პრობელემები მშობელთა ჩართულობის კუთხით.

“ჩვენი გამოცდილებით, ხშირად არის, რომ არა მხოლოდ ბავშვს სჭირდება გარკვეული სარეაბილიტაციო პროგრამა, მშობელთანაც არის საჭირო მუშაობა, მაგრამ მშობელი ნაკლებ ინტერესს იჩენს და ჩვენ არ გვაქვს არანაირი მექანიზმი, რომლითაც მშობელს შემოვიყვანთ ამ პროცესში,”- გვეუბნება მაია ცირამუა.

მანვე აღნიშნა, რომ ზოგჯერ გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი აქვს, რომ მშობელმა გაიაროს, მაგალითად, მშობელთა პოზიტიური სწავლების პროგრამა, რომ ბავშვთან კომუნიკაცია შეცვალოს და იცოდეს, რას მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება, რომ ანტისოციალური ქცევის რისკები შემცირედეს.

ლადო ჯავახიშვილის თქმით, ოჯახის გაძლიერეის კუთხით მართლაც არის პოზიტიური მშობლების სესიები, თუმცა ამით მშობლების დაინტერესება ძალიან დაბალია.

“ჩვენს ცენტრშიც არსებობს მშობელთა სკოლა, სადაც, მშობლებს აქვთ საშუალება, მოვიდნენ და ფსიქოლოგების, სოციალური  მუშაკების, იურისტების დახმარებით ისწავლონ, რას ნიშნავს გარდატეხის ასაკი და როგორ შეიძლება დავეხმაროთ არასრულწლოვანს. ის, რომ ეს ასაკი მშვიდად გაიაროს და ის, რომ ბუნებრივია ამ დროს გარკვეული გადაცდომები და ანტისოციალური ქცევა – ეს რომ აუხსნან. მაგრამ ძალიან მინიმალურია დაინტერესება და ყველას, ვინც მუშაობს ასეთ მშობლებთან, უწევს ძალიან დიდი შრომის გაწევა, რომ მოვიდნენ ამ ტრენინგამდე”- გვეუბნება ლადო ჯავახიშვილი.

“ველოდებით, როდის გახდება ბავშვი 14 წლის, რომ პასუხისმგებლობა დავაკისროთ” – რა ხდება 14 წლამდე ბავშვებთან?

14 წლამდე ბავშვებზე კოდექსის არ ვრცელდება, შესაბამისად, ქმედებას, რომელიც, შეიძლება, მათ ჩაიდინონ, დანაშაულის კვალიფიკაცია არ ენიჭება.

როგორ იქცევა პოლიციელი, როდესაც ნახავს, რომ 14 წლამდე ბავშვი არის შემჩნეული შესაძლო დანაშაულში? – ნეტგაზეთი ეცადა, ამაზე პასუხი შსს-სგან მიეღო, თუმცა, ამ დრომდე, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის დირექტორ ლონდა თოლორაიასთან დაკავშირება ვერ შევძელით.

თუმცა, მან GCRT-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომ ასეთი პრობლემა მართლაც არსებობს და პოლიციელებმა არ იციან, სად უნდა გადაამისამართონ ეს ბავშვები:

“სამწუხაროდ, გვყავს 14 წლამდე ასაკის ბავშები, რომელთაც, 100-ზე, 200-ზე მეტი ეპიზოდი აქვთ ჩადენილი ქურდობის და რაიმე ბერკეტი სახელმწიფოს ამ ეტაპზე, რომ მოუაროს, არ აქვს და ჩვენ ველოდებით, როდის გახდება ბავშვი 14 წლის, რომ რაღაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დავაკისროთ,”- განაცხადა ლონდა თოლორაიამ ამ შეხვედრაზე.

მისივე თქმით, მათ იმდენად გაცნობიერებული აქვთ, რომ 14 წლამდე არ დაისჯებიან, პოლიციამ დანაშაულზე რომ წაასწროს და დაკავება სცადოს, ბავშვი პასუხობს, რომ ვერ დააკავებს, რადგან ჯერ 14 წლის არ არის.

მაია ცირამუა კი გვეუბნება, რომ თუ დაველოდებით, როდის გახდება ბავში 14 წლის და კოდექსის მოქმედება მასზე გავრცელდება, ამ პერიოდში, შესაძლოა, მისი ქცევა კიდევ უფრო გართულდეს.

“თითქოსდა, ველოდებით,  როდის მოქღწევს პასუხისმგებლობის ასაკს და მერე ვრეაგირებთ ამაზე და იქამდე კიდევ უფრო რთულდება ამ ბავშვის ქცევა, იმიტომ, რომ ბავშვს აქვს განცდა, რომ მან დააშავა და ამაზე პასუხი არავინ მისთხოვა, ანუ, რეაგირება არ ხდება მის ქცევაზე. შესაბამისად, კდიევ უფრო მეტად რთულდება და 14 და 15 წლის რომ ხდება, უფრო მძიმე დანაშაულს ჩადის, ვიდრე ჩადიოდა 14 წლამდე ასაკში.

ამიტომ, პოლიციელმა უნდა იცოდეს, სად გაუშვას ეს ბავშვი. დღეს არანაირი სერვისი, არანაირი ვალდებულება, რეგულაცია არ არსებობს, რომ პოლიციელმა, თუნდაც, 14 წლამდე მიუღწეველი პირი სადმე გადაამისამართოს. სად გავუშვა? – ხშირად გვეკითხება და თვითონაც არ იცის, რა უნდა გააკეთოს,”- ამბობს მაია ცირამუა.

არსებობს გადამისამართების მექანიზმი, რომელსაც, განათლების სამინისტრო უკიდურეს შემთხვევებში იყენებს – ეს არის სამტრედიის სკოლა-პანსიონი, სადაც, ანტისოციალური ქცევის მქონე ბავშვები ხვდებიან. თუმცა, თავად განათლების სამინისტროშიც აღიარებენ, რომ ეს მექანიზმი არ მუშაობს და მისი რეფორმირება იგეგმება.

სახელმწიფო და  არასამთავრობო სექტორი არც კი განიხილავენ შესაძლებლობას, რომ პასუხისმგებლობის ასაკმა დაიწიოს და 14 წლამდე ასაკის ბავშებზე გავრცელდეს, რადგანაც, ეს კარგს არაფერს მოიტანს.

პრობლემის მოსაგვარებლად, შსს-ს წარმოადგენლის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ამ ბავშების იდენტიფიცირება მოხდეს და ისინი სხვადასხვა საჭირო სერვისში გადამისამართდნენ.

“შსს არ ფიქრობს, რომ ამ ბავშვების მოვლა შეიძლება კანონის გამკაცრებით. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ბავშვის გამოსწორებაზე და ვიფიქროთ იმაზე, სად შეიძლება ეს ბავშვი წავიყვანოთ, რომ მისი გამოსწორება იყოს გარდაუვალი. არავინ იბადება დამნაშავედ, ეს ბავშვები რაღაცას მიყავს დანაშაულის ჩადენამდე,”- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

დანაშაულის ადრეული პრევენცია, ვიდრე საქმე პოლიციამდე მივა

სახელმწიფო უწყებები და არასამთავრობოების წარმომადგელები, ვისაც ნეტგაზეთი ესაუბრა, თანხმდებიან, რომ რეაგირება უნდა იყოს მანამდე, ვიდრე ბავშვი კანონთან კონფლიქტში მოვა. ამისთვის, საჭიროა, მათთვის სერვისები არსებობდეს.

“ბავშვი კი არ არის ჩვენთვის რისკის შემცველი და პრობლემური, ქცევა და რისკ-ფაქტორებია სარისკო და ძირითადად, უნდა ვიმუშაოთ პრობლემებსა და ფაქტორებზე და არ უნდა მოხდეს ამ ბავშვების სტიგმატიზება, იარლიყის მიწებება და მიკუთვნება სხვადასხვა რისკ-ჯგუფებთან” – გვეუბნება UNICEF-ის წარმომადგენელი თეონა კუჭავა.

მაია ცირამუას თქმით კი, ფაქტი, რომ 14 წლამდე ბავშვი ჩადის დანაშაულს, მიუთითებს, რომ არაფერი არ კეთდება მოზარდთა დანაშაულის ადრეული პრევენციისთვის.

“ბავშვი ხილული ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც, მისი ქცევა იმდენად გართულდება, რომ უკვე დანაშაულს ჩადის და პოლიციის ხელში გადადის მის საქმე. სად არის იქამდე მშობელი, სოციალური მომსახურების სააგენტო, სად არის სკოლა? ხომ არიან ბავშვები, რომლებიც, სისტემატურად აცდენენ სკოლას, ან გარკვეული ტიპის ანტისოციალური ქცევის ნიშნებით გამოირჩევიან. ასე ხომ არ არის, რომ ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძა ბავშვმა და გადაწყვიტა, რომ მოიპაროს? ეს თანდათანობოთ ხდება. იქამდე სად ვართ ჩვენ?”- ამბობს ის.

განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ეკა დგებუაძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ დიდია განათლების სისტემის როლი იმაში, რომ 14 წლის შემდეგ ბავშვი პენიტენციურ სისტემაში არ მოხვდეს.

როგორც მან აგვიხსნა, მოიკვლიეს, თუ არაფორმალური განათლების რა პროგრამები ჰქონდათ სკოლებს და გაირკვა, რომ სკოლების უმეტესობას აქვთ პროგრამები, რაც უკავშირდება კლუბებს, წრეებს, სპორტულ ღონისძიებებს, საზაფხული ბანაკებს და ა.შ. თუმცა, ეს აქტივობები სისტემური ხასიათის არ არის და ასევე, უნდა შეფასდეს, თუ რა გავლენას ახდენენ ეს პროგრამები ბავშვებზე.

ეკა დგებუაძის თქმით, სამინისტრო მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, მიუსაფარი ბავშვებისა და ბოშების იდენტიფირიცებას “ველზე” აკეთებს და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, განათლების პროექტებში მათ ჩართვას ცდილობს.

მისივე თქმით, დღეს განათლების სამინისტრო მუშაობს იმაზე რომ ყველა რესურს-ცენტრში გაჩნდეს ფსიქოლოგი, რომელიც, სკოლებს გაუწევს კონსულტაციას თვთონ სკოლას.

რაც შეეხება სამტრედიის სკოლას, სადაც, უკიდურეს შემთხვევაში ამისამართებენ ასოციალური ქცევის მქონე ბავშვებს, ეკა დგებუაძე ამბობს, რომ დაიხურება და ინსტიტუციის ნაცვლად, ახალი, მცირე საოჯახი ტიპის სახლი მოემსახურება ასეთ ბავშვებს.

“ვაღიარებთ ამ პრობლემას და სწორედ ჩვენი ინიციატივით დაიწყო შეთანხმება და საუბარი ჯადაცვის სამინისტროსთან, რომ ის მოდელი, რომელიც დღეს მუშაობს, არ არის ეფექტიანი. ამიტომ, გვინდა, რომ რაღაცნაირად შევცვალოთ ეს მიდგომა და ისეთი შევქმათ, სადაც სხვადასხვა მხარეები ჩაერთვებიან და შესაბამის სერვისს გამართავენ,”- ამბობს ეკა დგებუაძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს რესურსები

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ერთ-ერთი წამყვანი როლი სწორედ პრობაციის ეროვნულ სააგენტოს აქვს. გარდა იმისა, რომ იგი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საჭიროებებს აფასებს, ზედამხედველობას უწევს მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და იმ სხვადასხვა სერვისში მონაწილეობას, რომელიც, განისაზღვრა შეფასების შედეგად.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა, წარმოადგენს ორგანიზაცია GCRT-ის, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებს ფსიქორეაბილიტაციის სერვისებს აწვდის, ამბობს, ერთ-ერთი მნიშვნელობანი პრობლემა სააგენტოს ადამიანურ რესურსებს უკავშირდება, რადგანაც, პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკი ძალიან გადატვირთულია, აქვს ბევრი საქმე და სრულწლოვნების საქმეებზეც მუშაობს. მისივე თქმით, აუცილებელია ამ პრობლემის მოგვარება, რათა არასრულწლოვანთან მუშაობა იყოს სიღრმისეული და არა – ზედაპირული.

ნეტგაზეთს პრობაციის ეროვნულ საგენტოში განუცხადეს, რომ საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, სრულად უმკლავდებიან არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის კუთხით არსებულ საჭიროებებს.

“თუმცა, ქვეყანაში მიმდინარე სისხლის სამართლის ლიბერალიზაციის გათვალისწინებით, სავარაუდოა არასაპატიმრო სასჯელებისა და განრიდების ქვეშ მყოფი პირების რაოდენობის ზრდა, რაც თავის მხრივ გამოიწვევს კვალიფიციური ადამიანური რესურსების გაზრდის საჭიროებას,”- განგვიცხადეს სააგენტოში.

რაც შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის დეპარტამენტს, რომელთა სოციალური მუშაკებიც, ხშირად, არასრულწლოვნების საპროცესო წარმომადგენლებად ინიშნებიან, ამბობენ, რომ არც მათ ჰყავთ საკმარისი რესურსი.

“ჩვენი რესურსი ნამდვილად არ არის საკმარისი იმდენად, რამდენადაც სოციალური მუშაკები გვყავს ცოტა და მრავალი მიმართულებით მუშაობენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დაიწყო მუშაობა სოციალური მუშაობის კანონზე, რომელიც, სამომავლოდ, ითვალისწინებს სოციალური მუშაკის როგორც რაოდენობის ზრდას, ასევე მათ დარგობრივ სპეციალიზაციებს… ვფიქრობ რომ ამ კანონის მიღება მოგვცემს საშუალებას, რომ რაოდენობამაც მოიმატოს, ხელფასებზეც არის საუბარი, იქ სამგზავრო ხარჯების პრობლემაა და ვფიქრობ, რომ ამ კანონპროექტის მიღება იქნება გარკვეულად სოციალური გარანტიები სოცმუშაკებისთვის,”- გვეუბნება სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია.

რისი გაკეთება იგეგმება?

რამდენიმე სახელმწიფო უწყება, მათ შორის, UNICEF-ის ჩართულობით, მუშაობს იმ ხარვეზებთან დაკავშირებით, რაც შეეხება სერვისების ხარისხის კონტროლს, არასაკმარის სერვისებს, სამტრედიის პანსიონის რეფორმას, გადამისამართების მექანიზმსა და 14 წლამდე მოზარდებისთვის განკუთვნილ სერვისებს.

დოკუმენტი, რომელსაც, სავარაუდოდ, ისინი მიიღებენ, საჯარო არ არის, თუმცა, სხვადასხვა წყაროს ცნობით, მაისის შუა რიცხვებში უკვე ცნობილი იქნება, თუ რა სახის ცვლილებები დაიგეგმა ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

ეკა დგებუაძემ გვითხრა, რომ სამტრედიის ინსტიტუციის ნაცვლად, ასოციალური ქცევის მქონე ბავშვები საოჯახო ტიპის სახლზე დაფუძნებულ სერვისს, სავარაუდოდ, 2019 წლიდან მიიღებენ.

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთის პროგრამების სპორტული პროგრამების დაწყებას გეგმავს კულტურისა და სპორტის სამინისტროც. როგორც პრესსამსახურში განგვიცხადეს, მუშავდება მასობროვი სპორტის განვთარებისა და ხელმისაწვდომობის ტრატეგია, 2019-2024 წლებისთვის, სადაც, არსებობს ჩანაწერი ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ რა სახის პროგრამები იქნება და რამდენი არასრულწლოვანი ჩაერთვება, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ საჯარო არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი