ახალი ამბებისამართალი

თანდოიანცის ეკლესიის საქმეზე სასამართლო ხვალ გაიმართება

30 აპრილი, 2018 • 2218
თანდოიანცის ეკლესიის საქმეზე სასამართლო ხვალ გაიმართება

1 მაისს, 11 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში თანდოიანცის ეკლესიის საქმეზე მოსამზადებელი სხდომა გაიმართება.

თბილისში, აღმაშენებლის #38-ში მდებარე მე-19 საუკუნის სომხური ეკლესია, თანდოიანც სურბ ასტვაწაწინი, 2017 წელს სახელმწიფომ საკუთრების უფლებით გადასცა საქართველოს საპატრიარქოს.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) შეფასებით, ქონების გადაცემა მოხდა ეკლესიის კონფესიური და იტორიული კუთვნილების უგულებელყოფით. აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველმა კანონმდებლობის დარღვევად შეაფასა და 2018 წლის 13 მარტს, შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, ხუთ ადმინისტრაციულ ორგანოს (მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს) რეკომენდაციით მიმართა.

აღნიშნულ საქმეში მოსარჩელე მხარეა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია, მოპასუხე მხარეს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესამე მხარედ კი ჩართული არიან საქართველოს საპატრიარქო და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

საპატრიარქოს თანდოიანცის ეკლესიის შეცვლა სურს

სომეხთა სამოციქულო ეკლესია აცხადებს, რომ აღმაშენებლის გამზირის #38–ში მდებარე ეკლესია 1866 წელს საჰაკ თანდოიანცის ოჯახმა ააშენა. საბჭოთა პერიოდში ეკლესია სომხურ თემს ჩამოერთვა და კინოთეატრად გადაიქცა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი ეკლესია უფუნქციოდ დარჩა.

„სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართვლოს ეპარქიის“ ინტერესებს სასამართლოში „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI) და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) იცავენ.

საპატრიარქო არ დავობს, რომ ეს ეკლესია სომხურია, თუმცა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თანდოიანცის ეკლესია ქართული ეკლესიის საძირკველზეა აშენებული. საპატრიარქო აცხადებს, რომ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ძველი ეკლესიის ნაშთები და ქართულენოვანი საფლავის ქვები.

ეკლესია ამჟამად დაზიანებულია. საპატრიაროს სურს, ეკლესია ისე აღადგინოს, რომ თავდაპირველი იერსახე შეუცვალოს. თუმცა ამისთვის კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვა დასჭირდება, რაც ჯერ არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი