ახალი ამბები

კუბლაშვილი: ჭიკაიძემ სიტყვით გამოსვლისას სამჯერ გადაუხადა მადლობა ღარიბაშვილს

19 ნოემბერი, 2013 • • 933
კუბლაშვილი: ჭიკაიძემ სიტყვით გამოსვლისას სამჯერ გადაუხადა მადლობა ღარიბაშვილს

სხდომაზე ალექსანდრე ჭიკაიძემ შს სამინისტროს გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა:

 

“მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ნდობისათვის, რაც მან გამოხატა ჩემი კანდიდატატურის წარდგენისათვის. მე ვამაყობ იმით, რომ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ და იგი გავხადეთ დეპოლიტიზირებული. ჩვენთვის მნიშნელოვანი გამოწვევა იყო კრიმინალთან ბრძოლა, რასაც თავი კარგად გავართვით, იმის მიუხედავად, რომ საპატრიმროებიდან 17 ათასამდე პირი იქნა გათავისუფლებული. 

 

მთელ ჩვენს შესაძლებლობას გამოვიყენებ იმისთვის, რომ ღირსეულად გავაგრძელო ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დაწყებული შს სამინისტროს რეფორმების კურსი და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ქვეყანა გახდეს ცივილიზირული სამყაროს სრულფასოვანი წევრი. დღეს სამინსიტრო პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი და საზოგადოებაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა,”- აღნიშნა ჭიკაიძემ.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ჭიკაიძემ კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან არც ერთ საკითხზე არ გაამახვილა ყურადღება:

“ალექსანდერე ჭიკაიძემ არც ერთ კითხვაზე არ გასცა პასუხი, ამიტომ უმრავლესობის წევრებიც უნდა დაფიქრდნენ, რამდენად სწორია ამ კანდიდატურის წარმოდგენა. ის შეიძლება იყოს კარგი პოლიციელი, მაგრამ კარგი შინაგან საქმეთა მინისტრი – ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჭიკაიძემ სიტყვით გამოსვლისას სამჯერ გადაუხადა მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, მაშინ, როცა მას არაფერი უთქვამს მის ყოფილ საქმიანობაზე. სწორედ ამაზე გვქონდა ჩვენ შეკითხვები. ჩვენი ოპონენტები მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ დეპოლიტიზაცია მოხდა პოლიციის. საინტერესო იქნებოდა მინისტრობის კანდიდატის პასუხი კითხვაზე, იყო თუ არა ის პოლიტიზირებული, როდესაც პოლიციის რიგებში მსახურობდა 2008-2012 წლებში, მისი საქმიანობა უკავშირდებოდა თუ არა რაიმე უკანონო ბრძანების შესრულებას ან გაცემას, თუმცა მან ამ შეკითხვებს უბრალოდ პასუხი არ გასცა”.

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე აცხადებს, რომ  იმ დეპუტატებიდან, რომელთა იდეალური მინისტრი მერაბიშვილია, გასაკვირი არაფერია:

 

“ეს ადამიანები არიან აღზრდილები თუ  გამოყვანილები ისეთ პოლიტიკოსებად, რომელთა იდეალური მინისტრი ვანო მერაბიშილია. მათთვის ერთადერთი ხატი და საფიცარი იყო ქვეყნის “ხერხემალი” ვანო მერაბიშვილი. ამ ადამიანებს, ვისაც მზე და მთვარე მერაბიშვილზე ამოსდიოდა, რატომ მოეწონებათ მისი ანტიპოდი ჭიკაიძე? ასე რომ, ნუ გიკვირთ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი