ახალი ამბები

ხვალ სასიკვდილო შიმშილობას დაკავებულ “მარშელთა” დედებიც იწყებენ

30 აპრილი, 2018 • 2035
ხვალ სასიკვდილო შიმშილობას დაკავებულ “მარშელთა” დედებიც იწყებენ

1 მაისს მთავრობის კანცელარიასთან ე.წ. ქართული მარშის დაკავებული წევრების დედები უვადო სასიკვდილო შიმშილობას დაიწყებენ. ამის შესახებ ნეტგაზეთს მოძრაობის პრესსამსახურმა განუცხადა.

ე.წ. ქართულ მარშში გვითხრეს, რომ პატიმრობაში მყოფთა დედებთან ერთად, სასიკვდილო შიმშილობას კიდევ 100-მდე ადამიანი დაიწყებს, მათ შორის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წევრები.

მოძრაობის პრესსამსახურის ინფორმაციით, უვადო სასიკვდილო შიმშილობა მთავრობის კანცელარიასთან 15:00 საათზე დაიწყება. ჯერჯერობით უცნობია, ადგილზე გააგრძელებენ პროტესტს მოშიმშილეები თუ ხვალვე დატოვებენ კანცელარიის ტერიტორიას.

სანდრო ბრეგაძემ ცოტა ხნის წინ დააანონსა, რომ მარშელები ამჯერად ირლანდიელი პატრიოტების ანალოგიურად იშიმშილებენ სასიკვდილოდ და დაკავებულთა გათავისუფლების მოითხოვენ. გასულ წელს, ისინი მაჰათმა განდის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სასიკვდილო შიმშილობას გეგმავდნენ, თუმცა, როგორც მოძრაობის ლიდერმა განმარტა, ეს დიეტას უფრო ჰგავდა.

სიახლეები ე.წ. ქართულ მარშზე

19 მარტს, ე.წ. ქართული მარშის წევრებმა რუსთავი 2-თან ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ აქცია გამართეს და მისგან ბოდიში მოითხოვეს გადაცემაში ნათქვამი მოსაზრებების გამო. აქციის დროს სცემეს ტელეარხის ჟურნალისტი დავით ერაძე და დააზიანეს ავტომობილი. მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლებრივი, ისე – ადმინისტრაციული საქმეების გამოძიება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვსივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების თანახმად, ირაკლი დოლენჯაშვილს, ლადო სადღობელაშვილს, ლუკა ნაცვლიშვილს, მიხეილ აამისულაშვილს, გიორგი ონიანსს და ბექა რევაზიშვილს ბრალად ედებათ ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. გიორგი ონიანს ასევე ბრალად ედება ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე, ლუკა ნაცვლიშვილსს გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი