ახალი ამბები

კომიტეტების სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ

19 ნოემბერი, 2013 • • 953
კომიტეტების სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ

„ველოდები, რომ დღეს მოგვეცემა შესაძლებლობა ვისაუბროთ თავდაცვის სამინისტროში, შეიარაღებულ ძალებში ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე, მაგრამ ასევე, თუ რას ვაკეთებთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად. ვისაუბრებთ იმაზე, რა რეფორმა ჩატარდა ნატოსთან თავსებადობის კუთხით, ალბათ, არ ავცდებით საერთაშორისო ოპერაციებს, ავღანეთს, იქ მიმდინარე პროგნოზებს მომავალი წლისთვის და მთლიანობაში გვექნება სამინისტროს ხედვის განხორციელების შეფასება, რომელიც ჩვენ წლის დასაწყისში დავდეთ,“ – ამბობს ირაკლი ალასანია, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი.

 

სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატი სოზარ სუბარი ამბობს, რომ პრაქტიკულად გრძელდება ის კურსი, რაც ხელისუფლებას ჰქონდა აღებული:

 

“ხოლო ჩვენს სისტემაში ორი მიმართულებაა უმთავრესი: ადამიანური პირობების შექმნა და წესრიგი, რომელიც არ იქნება დამყარებული  მუშტზე, ძალადობაზე, ადამიანის ცემაზე და გაუპატიურებაზე, არამედ კანონის უზენაესობაზე. რეფორმის პირველი ეტაპი დასრულდა, მეორე ეტაპის დასრულებისთვის საჭიროა იმ ინფრასტრუქტურული რეფორმების დამთავრება, რომელიც დავიწყეთ.”

 

“განვიხილავთ იმ სამთავრობო პროგრამას, რომელიც შემოსულია. პრაქტიკულად, ეს იგივევე პროგრამაა, რითიც ხელისუფლებაში მოვედით. ცხადია, უფრო დახვეწილია და მორგებულია ახალ კონსტიტუციას, რომელიც ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მთავრობა იქნება წარმატებული. ნამდვილად მინიმალური შეცდომებით შეძლო ამ მთავრობამ 1 წლის გავლა, რომელიც ძალიან რთული წელიწადი იყო,” – ამბობს ირინე იმერლიშვილი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. 

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, აკაკი მინაშვილის მოსაზრებით, მთავრობამ დაამტკიცა, რომ სრულიად უუნაროა:

 

„ერთი წლის განმავლობაში ამ მთავრობამ დაამტკიცა, რომ სრულაიდ უუნაროა. მოახერხა ასეულობით მილიონის გარღვევის მიღწევას ბიუჯეტში, მოახერხა უმუშევრობის გაზრდა, მოახერხა ის, რომ ეკონომიკის სრული სტაგნაციაა. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ჩვენ ვხედავთ სრულ უუნარო პოლიტიკას, უსუსურ პოლიტიკას, იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს თავის აგრესიას, ოკუპაციის ხაზის გადმოწევას, ამის სანაცვლოდ ძალიან შიშნარევი პოზიცია გააჩნია საქართველოს ხელისუფლებას, ძალიან სამწუხაროა და ბუნებრივია, ამ მიმართულებით გვექნება ჩვენ ძალიან სერიოზული კითხვები.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი