საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი გადადგა

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი, ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის გამო, სრული შემადგენლობით გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვით ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, დავით ქევხიშვილი ავრცელებს.

“პირველ რიგში, დიდი მადლობა იმ გვერდში დგომისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობთ ქართული ძიუდოს მიმართ. აქედან გამომდინარე, ვალდებულად ვთვლით, პირველ რიგში, თქვენთვის გვეთქვა ჩვენი შეფასება და უახლოესი გეგმები ევროპის ჩემპიონატზე შედეგის მიუღწევლობასთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, შედეგის მიუღწევლობას აქვს ძალიან ბევრი მიზეზი, მაგრამ დღეს ამის მოყოლას არანაირი მნიშვნელობა აქვს. თქვენთვის, ჩვენთვის და ყველასთვის მნიშვნელოვანია შედეგი, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ. ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის სპორტი და ყოველთვის შეიძლება მოხდეს მსგავსი რამ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პასუხისმგებლობას არ ვიზიარებთ.

აქედან გამომდინარე, მე ვესაუბრე ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რომელიც სრულად აცნობიერბს აღნიშნულ სიტუაციას; ისიც და სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრი აღარ გააგრძელებენ ეროვნულ ნაკრებთან სამწვრთნელო პროცესს,” – აცხადებს დავით ქევხიშვილი.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბდებიან, თუ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები იმისთვის, რომ ეროვნული ნაკრები კარგად შეხვდეს უკვე მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს.

ისრაელში გამართულ 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისთთა ეროვნული ნაკრები უმედლოდ დარჩა, რაც ყველაზე ცუდი შედეგია ნაკრების ისტორიაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.