ახალი ამბები

სამთავრობო კომფორტი საბიუჯეტო პრობლემების ფონზე

19 ნოემბერი, 2013 • • 1810
სამთავრობო კომფორტი საბიუჯეტო პრობლემების ფონზე

ამას ემატება ისიც, რომ ახალმა მთავრობამ არჩევნების შემდეგ 768 ახალი ავტომანქანა შეიძინა. ექვსი თვის მონაცემებით, წელს ბიუჯეტს 126 200 000 ლარი დააკლდა. “ბათუმელების” მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტებით დგინდება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ფუფუნების საგნების ყიდვაზეც არ ამბობენ უარს. მაგალითად, შს სამინისტრომ ერთ სავარძელში წელს 800 ლარი გადაიხადა, ხოლო არის შემთხვევები, როდესაც ავტომანქანებში 100 ათასს და მეტ თანხას იხდიან.

 

დადასტურებული ფაქტია, რომ საჯარო მოხელეების უმრავლესობა სახელმწიფო მანქანებს პირადი მოხმარებისთვისაც, მაგალითად, ოჯახის წევრების გადაადგილებისთვის იყენებს, მათ შორის არასამუშაო დღეებშიც. ამის შესახებ ინფორმაცია “ბათუმელებს” არაერთმა საჯარო მოხელემ პირადად დაუდასტურა.

 

ასევე, ოფიციალური მონაცემებით, რასაც ხელისუფლებაში მყოფი ფინანსური რგოლის წარმომადგენლებიც ადასტურებენ, 2013 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით, ქვეყნის ბიუჯეტში 126 200 000 ლარით ნაკლები შევიდა. სწორედ ამ პერიოდში სახელმწიფომ 189 393 427 ლარი დახარჯა ავეჯში, მანქანების რემონტსა და მანქანების საწვავში. ამას ემატება ისიც, რომ მთავრობამ პირველი ექვსი თვის მონაცემებით, 307 ახალი ავტომანქანა შეიძინა.

 

საერთო ყულაბიდან, პირველ ექვს თვეში, ცამეტ საჯარო დაწესებულებას აჭარაში 1 469 546 ლარის საწვავი შეხვდა. აქედან, საწვავის ყველაზე დიდი რაოდენობა ბათუმის მერიაზე, აჭარის უმაღლეს საბჭოსა და მუნიციპალიტეტების გამგეობებზე მოდის. სამინისტროებიდან კი ყველაზე მეტი საწვავი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქვს შესყიდული.

 

აჭარის საერთო ბიუჯეტს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ადგენს, ხოლო ამტკიცებს უმაღლესი საბჭო. ხალხს სწორედ ამ ორი უწყების თანამდებობის პირების შენახვა უჯდება ყველაზე ძვირი – საწვავის ხარჯის თვალსაზრისით. მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, დავით ბალაძე ყოველთვიურად 600 ლიტრ საწვავს მოიხმარს. “ჰიუნდაი სონატას”, რითაც დავით ბალაძე გადაადგილდება, “ჰიუნდაის” ოფიციალური ვებგვერდის მონაცემების თანახმად ყოველი 100 კილომეტრის გავლისთვის 12-13 ლიტრი საწვავი სჭირდება. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ მინისტრი ყოველთვიურად დაახლოებით 4600 კილომეტრს გადის. თავის მხრივ, ეს კი იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მინისტრ ბალაძეს ყოველდღიურად 192 კილომეტრის გავლა უხდება (სამუშაო დღეებში).

 

“ბათუმელებმა” საწვავის ხარჯვის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით დავით ბალაძეს კითხვები ვერ დაუსვა. იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ამ სამინისტროს პრესცენტრის ცნობით კი, მინისტრი გასულ თვეში, მაგალითად, თბილისში ერთხელ იმყოფებოდა მივლინებით, ანუ დავით ბალაძემ თავისი ავტომანქანით 760 კილომეტრი ბათუმი-თბილისის მიმართულებით და პირიქით ერთჯერადად გაიარა, დანარჩენი 3840 კილომეტრი კი, სავარაუდოდ, ქალაქ ბათუმში დაფარა.

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ყოველთვიურად 250 ლიტრ საწვავს მოიხმარენ. საქართველოს შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2013 წლის ექვს თვეში 109 095 ლარის საწვავი უყიდია.

 

“პრადო” ემსახურება აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაურ ფუტკარაძეს. ამ უწყების მინისტრისთვის თვეში 300 ლიტრია განსაზღვრული. ზაურ ფუტკარაძეს მიაჩნია, რომ დადგენილი ლიმიტი სავსებით საკმარისია.

 

“ვერასდროს ვერ ვხარჯავ ლიმიტს ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროში მანქანების ნაკლებობაა და ჩემი ავტომანქანით ხშირად სარგებლობენ სამსახურის თანამშრომლები”, – უთხრა მინისტრმა “ბათუმელებს”.

 

პირველი ექვსი თვის განმავლობაში, წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 42 ათასი ლარის საწვავი აქვს შეძენილი. შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, აჭარის კიდევ ორ სამინისტროს – განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს, ჯამში 112 687 ლარის საწვავი უყიდია. აქედან 60 893 ლარი განათლების სამინისტროს დაუხარჯავს, 51 794 ლარი – ჯანდაცვის სამინისტროს.

 

რაც შეეხება აჭარის მთავრობის ადმინისტრაციას, უწყების პრესსამასხურის ხელმძღვანელის, ნათია სირაბიძის ინფორმაციით, წელს, პირველ ექვს თვეში მათ 30 886 ლარის საწვავი შეისყიდეს. აქედან მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს ყოველთვიურად 210 ლიტრი საწვავი აქვს მოხმარებული. საწვავის ხარჯების მიხედვით, აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარჯველი ბათუმის მერიაა. წელს ექვს თვეში თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის ჩინოვნიკებს უკვე ნაყიდი აქვთ 261 780 ლარის ბენზინი და დიზელი.

 

უმაღლესი საბჭოს ავტომანქანები
უმაღლესი საბჭოს ავტომანქანები

ქალაქის მერის, ჯემალ ანანიძის საწვავის ლიმიტი 450 ლიტრია. “ბათუმელებმა” მერთან დაკავშირება იმ მიზეზით ვერ მოახერხა, რომ ჯემალ ანანიძე სტამბულში იმყოფება.

 

ბათუმის მერს ოთხი მოადგილე ჰყავს. აქედან მხოლოდ ერთი, დავით ლეკვეიშვილი სარგებლობს 300-ლიტრიანი საწვავის ლიმიტით, დანარჩენ მოადგილეებზე კი თვეში 200 ლიტრი საწვავია გათვალისწინებული. ოთხი მოადგილიდან ნათია სურგულაძე პირველია, რომელიც აცხადებს, რომ ლიმიტით განსაზღვრული საწვავი არ ჰყოფნის.

 

“ნახევარი თვის შემდეგ საწვავს ჩემი ხელფასიდან ვასხამ”, – უთხრა “ბათუმელებს” ნათია სურგულაძემ.

 

საწვავის ლიმიტის ზუსტი ოდენობა ნათია სურგულაძეს არ ახსოვს:

 

“ზუსტად ვერ გეტყვით ჩემი საწვავის ლიმიტი რამდენია, მაგრამ არ გვრჩება. ძირითადად ქალაქში ვმოძრაობ, მაგრამ ყველა ჩემი დაქვემდებარებული სამსახურის შემოწმება მიწევს. ჩემს ყველა თანამშრომელს მანქანა არ ჰყავს, ამიტომ ჩემი მანქანით სარგებლობენ”.

 

ნათია სურგულაძე ავტომანქანა “ტოიოტა კოროლათი” გადაადგილდება. რუსლან ქორიძეც მერის მოადგილეა. მისი საწვავის ყოველთვიური ლიმიტი 200 ლიტრია ბარათზე. როგორც თვითონ ამბობს, საწვავის ეს ლიმიტი არც მისთვის არის სამყოფი:

 

“ძირითადად, ჩვენი ხარჯებით გვიწევს დამატება. ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ მერიის შპს-ებს და აქედან გამომდინარე, ხშირად მიწევს გადაადგილება”.

 

რუსლან ქორიძე ამბობს, რომ ის, ძირითადად, ქალაქის ფარგლებში მოძრაობს: “შპს-ების ხელმძღვანელებს კაბინეტში ვიწვევ, საღამოობით მიწევს გასვლა სანდასუფთავების შესამოწმებლად. ამ თვეში ბოტანიკურ ბაღში მქონდა გასვლა დაგეგმილი, მაგრამ ადგილზე მოვიწვიე ხელმძღვანელები”.

 

რუსლან ქორიძე ამბობს, რომ ერთი შემთხვევა ახსოვს, როცა ლიმიტიდან დაახლოებით 15-18 ლიტრი საწვავი მორჩა. მერის მოადგილე ქალაქში “კია მოტორსით” გადაადგილდება.

 

მერის შემდეგი მოადგილე, ვისაც საწვავი არ ჰყოფნის, ზურაბ პატარაიაა: “20-25 ლარის საწვავი დამიმატებია პირადი სახსრებით. ჩემი საკურატორო სფერო უბნის რწმუნებულები არიან, თუ მაქვს მათთან შეხვედრები დაგეგმილი, მაშინ არ მყოფნის საწვავი. ამ თვეში საყოველთაო აღწერაზე ვმუშაობდით და ამ საკითხებზე მიწევდა მათთან შეხვედრა”.

 

დავით ლეკვეიშვილი მერის კიდევ ერთი მოადგილეა. მისი საწვავის ლიმიტი დანარჩენი სამისგან ასი ლიტრით განსხვავდება. თუმცა, საწვავის ნაკლებობაზე ისიც საუბრობს: “ხან მყოფნის, ხან – არა. მაგალითად, ზაფხულში არ მყოფნის. ზედამხედველობას ვკურირებ და ობიექტების შემოწმება ხშირად მიწევს. 15-20 ლიტრი საწვავიც მომრჩენია და ლიმიტზეც გადამიჭარბებია ხოლმე”. დავით ლეკვეიშვილი “კია მოტორსით” გადაადგილდება.

 

შესყიდვების სააგენტოს მიერ “ბათუმელებისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, წელს პირველი ექვსი თვის განმავლობაში აჭარის უმაღლესმა საბჭომ 195 420 ლარის საწვავი იყიდა.

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის საწვავის ლიმიტი 300 ლიტრითაა განსაზღვრული, მის პირველ მოადგილეს 200 ლიტრი აქვს გამოყოფილი, მეორეს კი – 150 ლიტრი. ირაკლი ჩავლეიშვილის აზრით, ლიმიტით განსაზღვრული საწვავი საკმარისია.

 

195 ათასი ლარის საწვავი, წელს, პირველ ექვს თვეში უყიდია აჭარის უმაღლეს საბჭოსაც. მინისტრებისა და მერიაში დასაქმებული საჯარო მოხელეებისგან განსხვავებით, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების საწვავის ლიმიტი შედარებით მაღალია, 500-დან 650 ლიტრამდე.

 

ბესიკ ბაუჩაძე ხულოს გამგებელია. მისი საწვავის ლიმიტი 650 ლიტრია. გამგებელი ირწმუნება, რომ სოფლებში, რომლებიც დაბიდან ათეული კილომეტრითაა დაშორებული, გადაადგილება ხშირად უწევს. “ლიმიტი თითქმის მყოფნის, მაგრამ საკმარისი მაინც არ არის. “ტოიოტათი” ვმოძრაობ და როგორც ვიცი, ას კილომეტრზე სადღაც 20 ლიტრ ბენზინს წვავს”, – ამბობს იგი.

 

საწვავის იგივე ლიმიტი აქვს შუახევის გამგებელს ტარიელ ებრალიძესაც: “ვცდილობ ვიმყოფინო ლიმიტი, მაგრამ ხშირად ჩემი ჯიბიდანაც ჩამისხია საწვავი. არის სოფლები, რომლებიც 32-35 კილომეტრითაა დაშორებული გამგეობას, ხან ტირილია და მაქსიმალურად ვცდილობ, მივიდეთ მოსახლეობასთან. ასეთ დროს საწვავის ლიმიტი საკმარისი არ არის”.

 

გამგებელი “ტოიოტას” მარკის ავტომობილით სარგებლობს. ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ საწვავს არ აკონტროლებს, თუმცა დასძენს, რომ ლიმიტი ჰყოფნის:

 

“გუშინ რა შევჭამე, ის არ მახსოვს და ის უნდა ვითვალო, სად ვიყავი? ხარაულაში გაჭირვებული ოჯახი მოვინახულე, ჯალაბაშვილებში ვიყავი სარწყავ არხთან დაკავშირებით. “ტოიოტათი” ვმოძრაობ. არ ვიცი, რამდენს წვავს ეს მანქანა, მაგრამ 500 ლიტრია გამოყოფილი და ვთავსდები ლიმიტში”.

 

ქობულეთისა და ხელვაჩაურის გამგებლების საწვავის ლიმიტიც 500 ლიტრია.

 

“ხშირად მრჩება, მაგრამ როცა მაკლდება, ჯიბიდან არ ვიხდი. ვცდილობ, სხვა მანქანით ვისარგებლო, – ამბობს ქობულეთის გამგებელი გიორგი რომანაძე. – სექტემბერში მახსოვს, 57 ლიტრი მომრჩა ლიმიტიდან”.

 

გამგებელი “ტოიოტა ლენდ კრუიზერით” გადაადგილდება. 

 

“ლიმიტი მყოფნის. სოფლებში თუ მომიწია გასვლა, მაშინ მიწევს ხელფასიდან დამატება. დღეს არ გავსულვარ ძალიან შორს, წინა თვეში მიწვეული ვიყავი შუახევლობაზე და იქ ვიყავი, ბათუმშიც მიწევს შეხვედრებზე ჩასვლა”, – აცხადებს ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე. ის “ჰიუნდაით” გადაადგილდება.

 

საჯარო სამსახურების მიერ 2013 წლის მესამე და მეოთხე კვარტალის ხარჯების შესახებ ინფორმაცია წლის ბოლოს დაზუსტდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 160 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან საწვავისთვის კვლავაც დაიხარჯება. დიდი ალბათობით, 20 მილიონზე ნაკლები არც მანქანების რემონტის ხარჯი იქნება.

 

“ბათუმელების” ინფორმაციით, გარკვეული საჯარო სამსახურები კვლავაც აპირებენ ავეჯისა და ავტომანქანების შესყიდვას.

 

2013 წლის ცხრა თვის მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით წელს ქვეყნის ბიუჯეტში 291 მილიონი ლარით ნაკლებია მობილიზებული. “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ევგენიძის პროგნოზით, 2013 წლის ბიუჯეტს გეგმასთან შედარებით, წლის ბოლოს 700-800 მილიონი ლარი დააკლდება. ამ სფეროს სხვა სპეციალისტების გათვლებით, წლის ბოლოს ბიუჯეტში ნახევარი მილიარდიდან ერთი მილიარდი ლარის გარღვევაა მოსალოდნელი.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ამბობს, რომ “ბიუჯეტიდან ყველა ხარჯი დაფინანსდება” ანუ ხელფასებისა და პენსიების გაცემა არ შეფერხდება. ფინანსთა მინისტრი ასევე ადასტურებს, რომ ქვეყანა ვალის აღებას აპირებს, მაგრამ ამ ვალს მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის აიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი