ორი გარდაცვლილი ორ დღეში – უკავშირდება თუ არა ფაქტები ნარკოტიკს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნეტგაზეთს დაუდასტურა ბოლო ორი დღის განმავლობა შისაკუთარ სახლებში ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტი. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ ინტოქსიკაციას უკავშირდება.

როგორც შსს-ში გვითხრეს, გამოძიება აღნიშნულ ორ გარდაცვალებაზე სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ორივე გვამს უტარდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. თუმცა, სამინისტროს განცხდებით, ისინი ჯერჯერობით ვერ ასახელებენ გარდაცვალების მიზეზს და ვერ უკავშირებენ მომხდარს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას.

მათივე თქმით, უწყება ასევე ვერ ადასტურებს 2-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების ფაქტს, ვინაიდან შსს-სთვის მსგავსი ინფორმაცია, გარდაცვლილთა სახელებითა და გვარებით, არავის მიუწოდებია.

29 აპრილს თბილისში ახალგაზრდა ქალი, რომელიც კლუბიდან დაბრუნდა, მოგვიანებით ოჯახის წევრმა სახლში გარდაცვლილი იპოვა. სავარაუდოდ, ის  ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთისთვის ცნობილი გახდა ქალის ახლობლებისაგან.

ამ ფაქტამდე ერთი დღით ადრე, საქართველოში ახლად გავრცელებული ნარკოტიკული საშუალება მეფედრონით  ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია  რუსთავი 2–მა  გაავრცელა.

თეთრი ხმაურის მოძრაობის ინფორმაციით, მეფედრონი თეთრი ფხვნილის სახით არსებობს, მას მოიხმარენ ორალურად, სასუნთქი გზების საშუალებით და ინტრავენურად.

ინტრავენური მოხმარება მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ადამიანი მას სხვა ნივთიერებასთან კომბინაციაში იღებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან