ახალი ამბები

მერაბიშვილის მხარდასაჭერად სასამართლოსთან აქცია-გამოფენა იმართება

19 ნოემბერი, 2013 • • 945
მერაბიშვილის მხარდასაჭერად სასამართლოსთან აქცია-გამოფენა იმართება

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საქალაქო სასამართლოს მთავარ შესასვლელთან მოიტანეს ფოტომასალა, რომელზეც 2011 წლის 26 მაისის ღამეა ასახული. თითოეულ ფოტოს თან ახლავს წარწერა “დანაშაულის აღკვეთისთვის დღეს სამართლდება ივანე მერაბიშვილი.”

 

“რუსული გეგმის ჩაშლისთვის, დღეს სასამართლოში მერაბიშვილის პროცესი უნდა გაიმართოს. ჩვენი მიზანია, საზოგადოებას შევახსენოთ, რა ხდებოდა იმ დღეს, როგორ ცდილობდა ნინო ბურჯანაძე რუსული გეგმის განხორციელებას. დაუშვებელია, რომ ქვეყნის პატრიოტები გისოსებს მიღმა იმყოფებოდნენ და მოძალადეები – გარეთ,”- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

 

დღეს, 19 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე შს ყოფილი მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პროცესი მიმდინარეობს. 

 

ვანო მერაბიშვილს 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის საქმეზე ბრალი 2013 წლის 28 მაისს წაუყენეს.

 

საბრალდებო დასკვნის მიხედვით,  2011 წლის 26 მაისს იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებითა და ხელმძღვანელობით დაიგეგმა არა საპროტესტო აქციის დაშლის, ანუ მასში მონაწილე პირების შეკრების ადგილიდან პროპორციული ძალის გამოყენებით გაძევებისა და გაფანტვისათვის ორგანიზებული ლეგიტიმური ღონისძიება, არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომასშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმა, რომლის გამოკვეთილი მიზანი იყო მათი მასობრივი დაკავება, დაშინება, დასჯა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების განხორციელება.

 

მერაბიშვილი ცნობილ იქნა ბრალდებულად დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით, რაც 5–დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი