ახალი ამბები

ბარამიძე: გენდერული იდენტობის ასახვის პროცედურაზე სამინისტროს კონსულტაციები სჭირდება

30 აპრილი, 2018 • 1882
ბარამიძე: გენდერული იდენტობის ასახვის პროცედურაზე სამინისტროს კონსულტაციები სჭირდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის თქმით, სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებების მიერ გაცემულ დოკუმენტებში ტრანსგენდერი პირების გენდერული იდენტობის ასახვის პროცედურის დანერგვას მხოლოდ იუსტიციის სამინისტრო ვერ შეძლებს. აღნიშნული მან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღეს, 30 აპრილს განაცხადა.

სხდომაზე სახალხო დამცველმა თავისი მოხსენება და რეკომენდაციები წარადგინა, რომელთა შორის ერთ-ერთი იუსიტციის სამინისტროს დოკუმენტებში გენდერული იდენტობის ასახვის სწრაფი და გამჭირვალე პროცედურის დანერგვას შეეხებოდა.

“თქვენ აღნიშნავდით, რომ ტრანსგენდერი პირებისთვის სახელმწიფო და არასახლემწიფო დაწესებულების მიერ გაცემულ ყველა ძირითად  დოკუმენტში დაინერგოს მათი გენდერული იდენტობის ასახვის სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურა. მნიშვნელოვანია, რომ მითითებული პროცდურა მკაფიოდ იყოს გამიჯნული სამედიცინო ტრანზაქციის პროცესისგან. სამწუხაროდ, ამ მნიშვნელოვან თემაზე იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია კომპეტენცია, რომ როგორც ცალკე აღებულმა უწყებამ გაგცეთ პასუხი, ეს არის თემა, რომელიც საჭიროებს კონსულტაციებს,” – განმარტა ალექსანდრე ბარამიძემ.

მისივე თქმით, თუკი აღნიშნული საკითხის ირგვლივ რაიმე სახის კონსულტაციები დაიწყება, იუსტიციის სამინისტრო მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.

ქართული კანონმდებლობით დაშვებულია პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში სქესის ცვლილება, მაგრამ პრაქტიკის მიხედვით, ტრანსგენდერ ადამიანებს იუსტიციის სამინისტრო სთხოვს სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის ცნობას.

ამ ოპერაციის გაკეთება ბევრი ტრანსგენდერი ადამიანისთვის არასასურველი ან ხელმიუწვდომელია მისი სიძვირის გამო. სწორედ ამიტომ, ქალთა მოძრაობამ” იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის სახელზე იუსტიციის სამინისტროში წერილი 13 მარტს შეიტანა, სადაც ტრანსგენდერი ადამიანების პირადობის მოწმობებში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების გამარტივებას ითხოვენ.

წერილი იუსტიციის სამინისტროში დეა ბახტურიძემ და მირანდა ფაღავამ შეიტანეს. მირანდა ფაღავა 8 მარტს გამართული აქციის სახე იყო. აქცია, სახელწოდებით “მე ვარ ქალი – აღიარე” იუსტიციის სახლთან ანალოგიური მოთხოვნით გაიმართა.

აქციის შემდეგ პეტიცია შეადგინეს, რომლითაც იუსტიციის მინისტრს სთხოვენ გამოსცეს ბრძანება, რომლის მიხედვითაც ტრანსგენდერ ადამიანებს პირადობის მოწმობებში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლა ოპერაციების გარეშე, გენდერული დისფორიის დიაგნოზის საფუძველზეც შეეძლებათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი