SOU 2018 28 სექტემბრიდან 30 ნოემბრამდე გაიმართება

SOU ფესტივალი  წელს  28 სექტემბრიდან 30 ნოემბრამდე გაიმართება. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ,  არსებობის მესამე წელს SOU თბილისის საზღვრებს გასცდება და დედაქალაქთან ერთად საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმოგზაურებს. SOU 2018-ის სრული პროგრამა 6 აგვისტოს გახდება ცნობილი.

წელს ფესტივალი კვლავ წარმოადგენს თანამედროვე მუსიკას, ვიზუალურ ხელოვნებას, აკუსტიკურ ექსპერიმენტებს, ახალ ოპერას, მუსიკალურ თეატრს, ციფრულ და მედიახელოვნებას, თანამედროვე ცეკვას, ბგერის კვლევებს, ინტერაქციას ტრადიციულ მუსიკასთან და სხვა მრავალ საინტერესო სახელოვნებო მიმართულებას.

ფესტივალი პირველად 2016 წელს შედგა. მან თბილისში საერთაშორისოდ აღიარებული ხელოვანების ცოცხალი მუსიკითა და ვიზუალური ხელოვნების პროგრამებით 5 საკონცერტო და კულტურული სივრცე გააცოცხლა.

2017 წელს ფესტივალის ფარგლებში თბილისში უკვე 22 კონცერტი და 2 გამოფენა გაიმართა. ფესტივალმა თბილისის ყველა საკონცერტო დარბაზი და ალტერნატიული სივრცე მოიცვა.

SOU-ს მონაწილეთა შორის იყვნენ: რიოჯი იკედა, ლორენს ინგლიში, კარსტენ ნიკოლაი, ბიორკი, ბლიქსა ბარგელდი, რობერტ ჰენკე და მრავალი სხვა.

SOU ფესტივალის გამოწვევად რჩება დღევანდელი კულტურული პროცესების უკვე დამკვიდრებული კონტექსტები ‒ არქიტექტურა, ინდივიდუალური და კოლექტიური მეხსიერება, ფიზიკური გამოცდილება, დეფინიციები, კულტურული იერარქია და სხვა ყველაფერი, რაც გამოცდილების წინასწარ განსაზღვრულ მოდელებს ქმნის და შესაძლებლობათა მრავალფეროვნებას ზღუდავს.

SOU სწორედ ამ მოდელებს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, ფესტივალის საქმიანობა და მისი თითოეული ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოში მრავალფეროვანი და მხატვრული ღირებულებით გამორჩეული კულტურული ცხოვრების შექმნასა და წახალისებას.
SOU 2018-ის სრული პროგრამა 6 აგვისტოს გახდება ცნობილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.