ახალი ამბები

ნდობის ჯგუფის შესახებ კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს

18 ნოემბერი, 2013 • • 1063
ნდობის ჯგუფის შესახებ კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს

ირაკლი სესიაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი ნდობის ჯგუფის დაკომპლექტების განსხვავებული წესის დადგენას  და   საქართველოს  პარლამენტის რეგლამენტის კანონთან  შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს.

 

კერძოდ, ცვლილების მიხედვით, ნდობის ჯგუფის წევრებს, კანონით განსაზღვრული სუბიექტების მიერ წარდგენის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე ბიუროსთან შეთანხმებით დაამტკიცებს.

 

კანონპროექტის თანახმად, ნდობის ჯგუფის წევრობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისათვის წარდგენამდე  გადიან შემოწმებას სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მისაღებად ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.  პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით ცალ-ცალკე ამტკიცებს ნდობის ჯგუფის წევრებს, ხოლო თუ პარლამენტის თავმჯდომარემ არ დაამტკიცა ნდობის ჯგუფის წევრების კანდიდატები, მაშინ  კანდიდატურის წარდგენის  უფლების მქონე სუბიექტები წარადგენენ ახალ კანდიდატურებს. გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, თუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  ნდობის ჯგუფში ასარჩევი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე არ დაამტკიცა, მაშინ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული წესით, კომიტეტის წევრთაგან წარადგენს ახალ კანდიდატურას.

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ნდობის ჯგუფის წევრად არდამტკციების შემთხვევაში ნდობის ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი