NDI – მოსახლეობის 31% ინტერნეტს არასდროს იყენებს

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს, 30 აპრილს, თბილისში  საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა.

კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რამდენად ხშირად იყენებთ ინტერნეტს, გამოკითხულთა 51% პასუხობს, რომ ინტერნეტს ყოველდღე იყენებს. 9% ინტერნეტს კვირაში ერთხელ მაინც მოიხმარს. ინტერნეტს არასოდეს იყენებს გამოკითხულთა 31%. ინტერნეტს თვეში ერთხელ მაინც მოიხმარს 2%. გამოკითხულთა 5% ინტერნეტს იშვიათად იყენებს, ხოლო 2%-ს საერთოდ არ სმენია ამის შესახებ.

NDI-ის კვლევის მიხედვით, იგივე კითხვა დასახლებების მიხედვით შემდეგნაირია: თბილისში კვირაში ერთხელ მაინც ინტერნეტის გამოყენება ყველაზე მაღალია (79%). შემდეგ მოდის დიდი ქალაქები, სადაც ინტერნეტის მოხმარება კვირაში ერთხელ მაინც 75%-ია. პატარა ქალაქებში ეს მაჩვენებელი 62%-ია. სოფლებში ინტერნეტს კვირაში ერთხელ მაინც 43% მოიხმარს. ეს მაჩვენებელი უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში 48%-ს შეადგენს. მთლიანად ქვეყანაში კვირაში ერთხელ მაინც ინტერნეტს 60% იყენებს.

თბილისში გამოკითხულთა 19%-ს ინტერნეტი არასდროს გამოუყენებია. ეს მაჩვენებელი დიდ ქალაქებში ერთი პროცენტით მეტია (20%). პატარა ქალაქებში ინტერნეტი გამოკითხულთა 31%-ს არასდროს გამოუყენებია. სოფლებში ინტერნეტი არასდროს გამოუყენებია გამოკითხულთა 46%-ს. უმცირესობათა დასახლებებში ეს მაჩვენებელი 40%-ია. მთლიანად ქვეყანაში ინტერნეტი არასდროს გამოუყენებია 32% -ს.

NDI-ს დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ მომზადებული კვლევა საქართველოში საზოგადოების განწყობებს ასახავს. გამოკითხვა 2018 წლის 28 მარტიდან 4 აპრილის მონაკვეთში ჩატარდა.  მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა 2 194 პირი. ცდომის საშუალო ზღვარი არის +/- 2.2%.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.