43%-ს მამუკა ბახტაძის შესახებ არ სმენია – NDI-ს კვლევა

NDI-ს დაკვეთით მომზადებული კვლევის მიხედვით, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური ფიგურების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებასაც სწავლობდა, საქართველს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის შესახებ საქართველოს მასშტაბით გამოკითხულთა 43 პროცენტს არ სმენია.

კვლევაში მონაწილეებს ეკითხებოდნენ, დადებითი დამოკიდებულება ჰქონდათ თუ უარყოფითი შემდეგი ლიდერებისა და პოლიტიკური ფიგურების მიმართ. გამოკითხულებს პასუხი უნდა აერჩიათ დადებითს, უარყოფითს, არც დადებითსა დაარც უარყოფის, არ მსმენიასა და არ ვიცის შორის.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის შეფასებისას გამოკითხულთა 43-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მის შესახებ არ სმენია. ბახტაძის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა გამოკითხულთა 5-მა პროცენტმა, დადებითად- 9-მ. 31-მა პროცენტმა კი არც დადებითი და არც უარყოფითი პასუხი არ დააფიქსირა. 12-მა პროცენტმა კი განაცხადა, რომ არ იცის.

ბახტაძე ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე 2017 წლის 13 ნოემბერს, მთავორბაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ დაინიშნა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 33 პროცენტს საქართველოს პარლამენტის წევრის, თამარ ჩუგოშვილის, 31-ს კი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, მამუკა მდინარაძის შესახებ არ სმენია.

გამოკითხულებმა ყველაზე დადებითად შეაფასეს დავით სერგეენკო (46% დადებითად აფასებს). მას მოსდევს დავით ბაქრაძე (34-მა პროცენტმა შეაფასა დადებითად). გამოკითხულთა 31 პროცენტი კი თეა წულუკიანის საქმიანობას აფასებს დადებითად.

რაც შეეხეხბა უარყოფით შეფასებებს, გამოკითხულები ყველაზე უარყოფითად ნიკა მელიას (37 პროცენტი აფასებს უარყოფითად) და გიგი უგულავას (34% აფასებს უარყოფითად) აფასებენ.

NDI-ს დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ მომზადებული კვლევა საქართველოში საზოგადოების განწყობებს ასახავს. გამოკითხვა 2018 წლის 28 მარტიდან 4 აპრილის მონაკვეთში ჩატარდა.  მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა 2 194 პირი. ცდომის საშუალო ზღვარი არის +/- 2.2%.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.